Loading data...
BBC: ნიგერიაში შეიარაღებულმა პირებმა კათოლიკური სკოლიდან 303 მოსწავლე და 12 მასწავლებელი გაიტაცეს

ნიგერიის ცენტრალურ ნაწილში მდებარე კათოლიკური სკოლიდან შეიარაღებულმა პირებმა 300-ზე მეტი ბავშვი და თანამშრომელი გაიტაცეს, რაც ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი მასობრივი გატაცებაა. ამის შესახებ BBC წერს. 

ნიგერიის ქრისტიანული ასოციაციის ცნობით, ნიგერის შტატის ქალაქ პაპირის წმინდა მარიამის სკოლიდან 303 მოსწავლე და 12 მასწავლებელი გაიტაცეს.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, შეიარაღებული პირები სკოლაში 21 ნოემბერს, ადგილობრივი დროით დილის 02:00 საათზე შეიჭრნენ და იქ მცხოვრები სტუდენტები გაიტაცეს. პოლიციის თქმით, უსაფრთხოების სააგენტოები „ტყეებს ამოწმებენ გატაცებული სტუდენტების გადასარჩენად“.

ნიგერიის ბევრ ნაწილში გამოსასყიდის მისაღებად ადამიანების გატაცება კრიმინალური დაჯგუფებების მიერ, რომლებსაც ადგილობრივები ბანდიტებად მოიხსენიებენ, სერიოზულ პრობლემად იქცა.

21 ნოემბერს მომხდარი მასობრივი გატაცება ქვეყანაში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მომხდარი მესამე მსგავსი თავდასხმა იყო. 17 ნოემბერს მეზობელ კების შტატში მდებარე პანსიონიდან 20-ზე მეტი სკოლის მოსწავლე გოგონა გაიტაცეს, რომლებიც, BBC-ის ცნობით, მუსლიმები არიან.

ასევე, სამხრეთით, კვარას შტატში, შეიარაღებული პირები ეკლესიას დაესხნენ თავს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 38 გაიტაცეს.

ნიგერიის პრეზიდენტმა ბოლა ტინუბუმ უსაფრთხოების საკითხების მოსაგვარებლად საზღვარგარეთ ვიზიტები გადადო, მათ შორის ამ შაბათ-კვირას სამხრეთ აფრიკაში დაგეგმილ G20-ის სამიტზე დასწრებაც.

ცენტრალურმა მთავრობამ 40-ზე მეტი ფედერალური კოლეჯის დახურვის ბრძანება გასცა, ხოლო ზოგიერთ შტატში საჯარო სკოლები დაიკეტა. მოსახლეობა ბავშვებისა და თემების დასაცავად ხელისუფლებისგან უფრო მკაცრ ზომებს ითხოვს.

ვაშინგტონში აქტივისტები და პოლიტიკოსები თვეების განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ისლამისტი მებრძოლები ნიგერიაში ქრისტიანებს სისტემატურად ესხმიან თავს, რასაც ნიგერიის მთავრობა უარყოფს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნოემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ თუ ნიგერიის მთავრობა ქრისტიანების მკვლელობას კვლავ დაუშვებს, აშშ მათ დასაცავად სამხედრო ინტერვენციას არ გამორიცხავს. 

„ნიგერიის მთავრობა ქრისტიანების მკვლელობას კვლავ თუ დაუშვებს, აშშ დაუყოვნებლივ შეუწყვეტს ნიგერიას ყოველგვარ დახმარებას და, შესაძლოა, „ცეცხლითა და მახვილით“ შევიდეს ამ ახლა უკვე შერცხვენილ ქვეყანაში, რათა მთლიანად გაანადგუროს ისლამისტი ტერორისტები, რომლებიც ამ საშინელ სისასტიკეს ჩადიან. ამით ვაძლევ მითითებას ჩვენს ომის დეპარტამენტს, მოემზადოს შესაძლო მოქმედებისთვის. ჩვენ თავს თუ დავესხმებით, ეს იქნება სწრაფი, სასტიკი და სასიამოვნო, ისევე როგორც ტერორისტი ბანდიტები ესხმიან თავს ჩვენს ძვირფას ქრისტიანებს! გაფრთხილება: ნიგერიის მთავრობამ უნდა იმოქმედოს სწრაფად!“, - განაცხადა ტრამპმა.