Loading data...
BBC: გერმანიამ გადაწყვიტა, ისტორია წარსულში დატოვოს და ომისთვის მოემზადოს

გერმანიამ გადაწყვიტა, ისტორია წარსულში დატოვოს და ომისთვის მოემზადოს, - სტატიას ამ სათაურით BBC ავრცელებს.

ბრიტანული ტელეარხის ცნობით, გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა ცოტა ხნის წინ ქვეყნის პარლამენტისგან თავდაცვის ხარჯებისა და ინვესტიციების ზრდაზე თანხმობა მიიღო.

სარა რეინსფორდი პუბლიკაციაში აღნიშნავს, რომ „გერმანიამ მხარი დაუჭირა სამხედრო ინვესტიციების უზარმაზარ ზრდას და ეს მას შემდეგ მოხდა, რა გერმანიის საკანონმდებლო ორგანოში ხმა მისცეს თავდაცვის ხარჯების განცალკევებას სახელმწიფო ვალის მკაცრი წესებიდან“.

გერმანელმა გენერალმა კარსტენ ბროიერმა BBC-ს განუცხადა, რომ ფულადი სახსრების გაზრდა სასწრაფოდ არის საჭირო, რადგან თვლის, რომ რუსული აგრესია უკრაინაზე არ შეჩერდება.

„ჩვენ გვემუქრება რუსეთი. ჩვენ გვემუქრება პუტინი. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც საჭიროა ამის შესაკავებლად“, - აცხადებს კარსტენ ბროიერი და დასძენს, რომ  ნატო უნდა მოემზადოს შესაძლო თავდასხმისთვის სულ მცირე ოთხ წელიწადში.

„საქმე არ არის იმაში, რამდენი დრო მჭირდება მე, არამედ უფრო ისაა, რამდენ დროს მოგვცემს პუტინი მოსამზადებლად და რაც უფრო მალე ვიქნებით მზად, მით უკეთესი“, - აცხადებს გერმანელი გენერალი.

როგორც BBC იუწყება, გერმანიაში ათწლეულების მანძილზე თაობები სამხედრო სიძლიერის იდეის არმიღების პირობებში იზრდებოდნენ, აცნობიერებდნენ რა გერმანიის, როგორც აგრესორის წარსულს, თუმცა უკრაინაში გაჩაღებულმა ომმა მათი მსოფლმხედველობა მკვეთრად შეცვალა.

„ჩვენ დავიწყეთ ორი მსოფლიო ომი. მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 80 წელი გავიდა, იდეა იმის შესახებ, რომ გერმანელებმა თავი უნდა აარიდონ კონფლიქტს, კვლავ ბევრი ადამიანის დნმ-შია“, - აცხადებს გერმანიის მარშალის ფონდის წარმომადგენელი მარკუს ზინერი.

როგორც გამოცემა წერს, რუსეთთან მიმართებით გერმანიას ჰქონდა სპეციფიკური მიდგომა.

„მაშინ, როდესაც ისეთი ქვეყნები, როგორიცაა პოლონეთი და ბალტიისპირეთი ქვეყნები, ფრთხილობდნენ მოსკოვთან ზედმეტად დაახლოებას და გაზარდეს საკუთარი თავდაცვითი ხარჯები, გერმანიის ყოფილ კანცლერს, ანგელა მერკელს მიაჩნდა, რომ რუსეთთან ბიზნესის კეთება სწორი იყო. გერმანიას მიაჩნდა, რომ დემოკრატიზაციას ახორციელებდა, მაგრამ რუსეთმა აიღო ფული და მაინც შეიჭრა უკრაინაში“, - ნათქვამია სტატიაში.

2022 წლის თებერვალში გაოგნებულმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა ამოყო 100 მილიარდი ევრო (108 მილიარდი დოლარი; 83 მილიარდი ფუნტი) ქვეყნის სამხედრო ძალების გასაძლიერებლად, მაგრამ გენერალი კარსტენ ბროიერი აცხადებს, რომ ეს საკმარისი არაა და გერმანიას დასჭირდება ჯარისკაცების რაოდენობის მნიშვნელოვანი გაზრდა. ის მიუთითებს რუსეთის სამხედრო ხარჯებზე.

ბროიერი, ასევე, ხაზს უსვამს რუსეთის ჰიბრიდულ ომს: კიბერშეტევებს, საბოტაჟს, ასევე, ახსენებს ამოუცნობ დრონებს, რომლებიც გერმანულ სამხედრო ობიექტებთან შენიშნეს.

„დასავლეთისგან განსხვავებით, რუსეთი არ ფიქრობს ჩარჩოებზე. საქმე არ ეხება მშვიდობიან და საომარ პერიოდებს, ეს არის კონტინუუმი. ეს არის ის, რაც მაფიქრებინებს, რომ ჩვენ ნამდვილ საფრთხეს ვაწყდებით“, - აღნიშნავს გერმანელი გენერალი.

ის ამტკიცებს, რომ გერმანიამ სწრაფად უნდა იმოქმედოს.

სტატიაში, ასევე, აღნიშნულია ის პრობლემები, რომლებიც გერმანიის შეიარაღებულ ძალებს აქვთ და ამ კონტექსტში მოყვანილია ბუდესვერის კომისარ ევა ჰიოგლის მიერ მომზადებული ანგარიში, რომელშიც აღნიშნულია ბუდესვერში არსებული მწვავე დეფიციტი.

„დაწყებული საბრძოლო მასალიდან ჯარისკაცებამდე, დასრულებული დაზიანებული ყაზარმებით. სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო ბიუჯეტი დაახლოებით 67 მილიარდ ევროდ არის შეფასებული“, - ნათქვამია სტატიაში.

გენერალ ბროიერის თქმით, ბუდესტაგის მიერ ვალის ზღვრის მოხსნა, რაც სამხედროებს სესხის ულიმიტოდ აღების საშუალებას მისცემს, გახსნის გზას მდგრადი დაფინანსებისკენ, რათა აღნიშნული პრობლემების გადაჭრა დაიწყოს.

გენერალი ბროიერი მიიჩნევს, რომ გერმანიას სჭირდება დამატებით 100 000 ჯარისკაცი, რათა დაიცვას თავი და ნატოს აღმოსავლეთი ფლანგი. სულ 460 000, რეზერვის ჩათვლით.

გენერლის თქმით, სამხედრო სამსახურში გაწვევის დაბრუნება აუცილებელია.

„ამ 100 000 სამხედროს გაწვევის რომელიმე მოდელის გარეშე ვერ მივიღებთ“, - დასძინა გერმანელმა გენერალმა.