Loading data...
BBC: დუბაიდან დოჰამდე - ირანმა რეგიონში საჰაერო დარტყმების სერია განახორციელა

ირანზე აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო დარტყმების შემდეგ ირანმა მთელი ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით საპასუხო იერიშები განახორციელა ძირითადად იმ ქვეყნებზე, სადაც აშშ-ის სამხედრო ბაზებია განთავსებული, ან რომლებიც აშშ-ის მოკავშირეები არიან. აღნიშნულის შესახებ მიმოხილვას BBC ავრცელებს. 

არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ დუბაიში Fairmont The Palm სასტუმროსთან აფეთქება მოხდა. დუბაის ხელისუფლების ცნობით, ოთხი ადამიანი დაშავდა „პალმ ჯუმეირას რაიონში მდებარე შენობაში მომხდარი ინციდენტის“ შემდეგ.

არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ მან ირანული რაკეტებისა და დრონების ახალი ტალღა მოიგერია.

კატარის დედაქალაქ დოჰაში აფეთქებები, სავარაუდოდ, ალ-უდეიდის საჰაერო ბაზაზე მოხდა, რომელიც რეგიონში ყველაზე დიდი ამერიკული სამხედრო ბაზაა. 

ბაჰრეინში აშშ-ის საზღვაო ძალების ბაზა „სარაკეტო თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდა“, - ნათქვამია ბაჰრეინის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აფეთქებების ხმა გაისმა ქუვეითშიც. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო Kuna-ს ცნობით, საერთაშორისო აეროპორტზე დრონით განხორციელებული იერიშის შედეგად რამდენიმე თანამშრომელი დაშავდა, ხოლო ტერმინალი „მცირედით“ დაზიანდა. 

Reuters-ის ცნობით, აშშ-ის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ერაყში, ერბილთან ახლოს, აშშ-ის სამხედრო ბაზის თავზე დრონი ჩამოაგდეს.

იორდანია, რომელიც ისრაელს ესაზღვრება, აცხადებს, რომ მისმა შეიარაღებულმა ძალებმა ორი ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს და მისი ნამსხვრევები სხვადასხვა ადგილას დაეცა.

ისრაელმა ასევე განაცხადა ირანული რაკეტების ტალღის შესახებ, მთელი ქვეყნის მასშტაბით სირენების ხმა ისმის.  ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ ირანი „მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინებას და უბნების განადგურებას“ ცდილობს.