BBC: 1.6 მილიონზე მეტ ადამიანს ევაკუაციისკენ მოუწოდეს, გაუქმებულია რეისები - იაპონიას ძლიერი ტაიფუნი ემუქრება
იაპონიაში ძლიერი ტაიფუნისთვის ემზადებიან. „დუჯუანი“ ტოკიოსა და ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროს მიმდებარე რაიონებს უახლოვდება. არსებობს მეწყრებისა და წყალდიდობების საფრთხე. წერს BBC.
როგორც მედია წერს, ამ დროისთვის 200-ზე მეტი რეისი გაუქმდა და მატარებლის მოძრაობა შეჩერებულია. ტაიფუნის გამო ხუთ პრეფექტურაში 1.6 მილიონზე მეტ ადამიანს ევაკუაციისკენ მოუწოდეს.
იაპონიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ევაკუაციის განკარგულება ეხება 1 674 084 ადამიანს იბარაკის, ჩიბას, ტოკიოს, კანაგავასა და შიზუოკის პრეფექტურებში. ამასთან, ევაკუაცია სავალდებულო არ არის.
ქარიშხალმა ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება გამოიწვია, მათ შორის, კანტოს რეგიონში, სადაც დაახლოებით 4 000 ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ ქალაქ ოშიმასა და იზუს კუნძულების ნაწილში, რომლებიც ტოკიოს სამხრეთით მდებარეობს, მეხუთე - უმაღლესი - დონის საგანგებო გაფრთხილება გასცა წყალდიდობისა და მეწყრების საფრთხის გამო.