ბატისკაფ „ტიტანის“ ჩაძირვის მიზეზი მისი პროექტირებისას სერიოზული დარღვევები გახდა

ბატისკაფ „ტიტანის“ კატასტროფის მიზეზი, რომელიც ორი წლის წინ მოხდა, მისი პროექტირებისას დაშვებული შეცდომები და არასათანადო ტექნიკური მომსახურება გახდა. ასეთი დასკვნა გამოიტანა აშშ-ის სანაპირო დაცვის ზღვის გამოძიების საბჭომ. ინფორმაციას Nexta live ავრცელებს.
ამ უწყების უფროსმა ჯეისონ ნოიბაუერმა განაცხადა, რომ ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. გამოძიებამ დაადგინა კომპანიის, OceanGate-ის მხრიდან სერიოზული დარღვევები აპარატის შემუშავების, სერტიფიკაციის და მისი ექსპლოატაციის დროს. ასევე, გამოძიების დასკვნაში წერია, რომ 2022 წელს მიღებული საგანგაშო სიგნალების მიუხედავად, კომპანიამ შესაბამისი ღონისძიებები არ განახორციელა.
ბატისკაფმა „ტიტანმა“ კატასტროფა 2023 წლის 18 ივნისს განიცადა. ის „ტიტანიკთან“ ჩაშვების დროს, წყლის წნევამ გაჭყლიტა. ბორტზე მყოფი 5 ადამიანი, მათ შორის, OceanGate-ის გენერალური დირექტორი სტოკტონ რაში დაიღუპნენ.