ბარსელონაში არეულობის შემდეგ პედრო სანჩესის მთავრობამ საბინაო კრიზისის მოსაგვარებლად ახალი ზომები მიიღო
ესპანეთის მთავრობამ ქვეყანაში არსებული საბინაო კრიზისის მოსაგვარებლად ორი საგანგებო დადგენილება დაამტკიცა.
მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბარსელონაში ათობით ათასი ადამიანი ქუჩაში გამოვიდა. ისინი მოითხოვდნენ ზომების მიღებას იმ კრიზისის მოსაგვარებლად, რომელიც მადრიდის ცენტრში 87 წლის ქალის გამოსახლებამ გამოიწვია.
ბარსელონაში მასშტაბური და მშვიდობიანი მსვლელობა ძალადობაში გადაიზარდა, როდესაც რადიკალი აქტივისტების ჯგუფები პოლიციას დაუპირისპირდნენ, მათ ქვებს ესროდნენ და ნაგვის ურნებს ცეცხლს უკიდებდნენ.
პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის მთავრობამ დაამტკიცა ისეთი ზომები, რომლებიც გასულ კვირას პარლამენტის მიერ უარყოფილი საბინაო რეფორმების მსგავსია. საკანონმდებლო დონეზე განცდილმა ამ მარცხმა სანჩესი აიძულა, 29 ნოემბრისთვის ვადამდელი არჩევნები დაენიშნა.
მთავრობის მიერ დამტკიცებულ ზომებს შორისაა სოციალურად მოწყვლადი ესპანელების გამოსახლებისგან დაცვა 2030 წლამდე, ოთახების გაქირავების რეგულირება და ახალი გადასახადი სეზონურ გაქირავებაზე, რომლის ხანგრძლივობა 32 დღიდან 11 თვემდე მერყეობს. გარდა ამისა, აიკრძალება უძრავი ქონების სპეკულაციური შესყიდვები, ხოლო მეიჯარეები საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ, - განაცხადა საბინაო საკითხებში მინისტრმა ისაბელ როდრიგესმა.