ბაქოში 7 ჟურნალისტს ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს

ბაქოს სასამართლომ დამნაშავედ ცნო გამოცემის, Abzas Media-ს ჟურნალისტები, რომლებმაც ქვეყნის პრეზიდენტის ბიზნესის შესახებ გამოძიება გამოაქვეყნეს, ასევე, „რადიო თავისუფლების“ რეპორტიორი. მედიის 7 თანამშრომელს 7,5-დან 9 წლადმე პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ყველაზე ხანგრძლივი სასჯელი, 9 წელი, Abzas Media-ს მთავარ რედაქტორს, სევინჯ ვაგიფგიზის, ჟურნალისტს ჰაფიზ ბაბალის, ასევე, „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტს, ფარიდ მეხრილიზადეს მიუსაჯეს.
მათ ბრალი ედებოდათ კონტრაბანდაში, გადასახადების გადახდისგან თავის არიდებაში და დანაშაულებრივი გზით მიღებული ქონების ლეგალიზებაში.
არცერთი ჟურნალისტი ბრალს არ აღიარებდა. 10 ივნისს „აზერბაიჯანის პოლიტპატიმართა თავისუფლების“ კავშირმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვით აზერბაიჯანში პოლიტიკური მოტივით სასჯელს 375 ადამიანი იხდის.