ბაქოში საფრანგეთის მოქალაქეს ჯაშუშობისთვის 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
ბაქოს სასამართლომ ფრანგ ბიზნესმენს მარტინ რაიანს ჯაშუშობისთვის 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის დამნაშავედ ცნეს აზერბაიჯანს და თურქეთს, ასევე აზერბაიჯანსა და პაკისტანს შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ინფორმაციის შეგროვებაში. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
რაიანის სავარაუდო თანამონაწილეს, აზერბაიჯანის მოქალაქეს აზად მამედლის 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს „სახელმწიფო ღალატის“ მუხლით. განსასჯელებმა ბრალი არ აღიარეს.
კომპანიის Mercorama-ს გენერალური დირექტორი მარტინ რაიანი 2023 წლის დეკემბერში დააკავეს. საქმის მასალებში აღნიშნულია, რომ ის ფრანგ დიპლომატებს ხვდებოდა, რომლებიც სინამდვილეში სპეცსამსახურების თანამშრომლები არიან. ასევე მან ეს ადამიანები მამედლის გააცნო.
თავად რაიანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანში 2015 წელს ჩავიდა და საფრანგეთის დიპლომატიური სამსახურის თანამშრომლები გაიცნო. მისივე თქმით, ისინი სხვადასხვა თემებს განიხილავდნენ, მაგრამ საელჩოს თანამშრომლებისგან მას ფული არასოდეს მიუღია.