ბაქოს მეტროში გრაფიტის გამო საფრანგეთის მოქალაქეს 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
ბაქოს ნარიმანოვის რაიონულმა სასამართლომ 10 სექტემბერს განაჩენი გამოიტანა სამ უცხოელთან დაკავშირებით, რომლებმაც ბაქოს მეტროს მატარებლებზე გრაფიტი დახატეს. საფრანგეთის მოქალაქე თეო კლერს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ორ სხვა უცხოელს - ახალი ზელანდიის მოქალაქეს ისმაელ დე-სენ კენტენს და ავსტრალიის მოქალაქეს პოლ ჰანს სასამართლომ ჯარიმის გადახდა დააკისრა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
ადვოკატ ელჩინ სადიგოვის თქმით, სასამართლომ არაპოლიტიკური ხასიათის გრაფიტი „ხულიგნობად“ შეაფასა, რამაც მძიმე შედეგები – „სხვისი ქონების დაზიანება“ გამოიწვია. თეო კლერს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ორ განსასჯელს კი 6 800 მანათის (დაახლოებით 3 500 ევრო) ოდენობის ჯარიმა დაეკისრათ.
ბრალდებულებმა გრაფიტის ავტორობა აღიარეს, მაგრამ განაცხადეს, რომ მათ ეს ხულიგნური მიზნებით ან ზიანის მიყენების მიზნით არ გაუკეთებიათ. სასამართლოზე მათ განაცხადეს, რომ სხვა ქვეყნებში ასევე დაუხატავთ გრაფიტი, მაგრამ იქ მათ 400 ევრომდე ჯარიმა ემუქრებოდათ. ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
აზერბაიჯანული სააგენტო „თურანი“ აღნიშნავს, რომ სამივე პირი ჯერ კიდევ 2024 წლის მარტში იყო დაკავებული. აქედან ორი მალევე გაათავისუფლეს და გამოძიების მიმდინარეობისას ისინი თავისუფლებაზე იმყოფებოდნენ.
განაჩენის გამოტანამდე რამდენიმე დღით ადრე საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის მოქალაქეებს, მათ შორის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს, ურჩია, თავი შეეკავებინათ აზერბაიჯანში გამგზავრებისგან „განსაკუთრებული მიზეზების არსებობის“ გარდა. სამინისტრომ განაცხადა, რომ ამ ქვეყანაში საფრანგეთის მოქალაქეები იმყოფებიან „დაკავების, თვითნებური დაპატიმრებისა და უსამართლო სასამართლოს რისკის წინაშე“. „ეს რისკი განსაკუთრებით იმ პირთათვის არის მაღალი, რომლებიც ამ ქვეყანაში უბრალო ტურისტული ვიზიტით ან საქმიანი მოგზაურობით იმყოფებიან“, – აღნიშნული იყო პრესრელიზში.
ოფიციალურმა ბაქომ ეს განცხადება დაგმო. „მკაცრად ვგმობთ მოგზაურებისთვის გაკეთებულ მკაცრ გაფრთხილებას“, – განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა აიჰან ჰაჯიზადემ, რომელმაც ბაქოს მიმართ ბრალდებები „უსაფუძვლოდ“ შეაფასა და პარიზს მოუწოდა, შეწყვიტოს „ცილისმწამებლური კამპანია“. მან ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთი „აზერბაიჯანთან ურთიერთობების კიდევ უფრო სერიოზულ გაუარესებას“ აპირებს.
შეგახსენებთ, ბაქო საფრანგეთს იმაში ადანაშაულებს, რომ ის სომხეთის უმნიშვნელოვანესი მოკავშირეა და მთიანი ყარაბაღის საკითხზე ტერიტორიულ დავასთან დაკავშირებით ერევნის მხარეს იკავებს.