Loading data...
ბაიდენი ჰოლოდომორის ხსოვნის დღეს უკრაინას მხარდაჭერის გაგრძელებას დაჰპირდა: „აშშ პატივს სცემს თქვენს წარსულს და თქვენს გვერდით დგას აწმყოში“

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჰოლოდომორის ხსოვნის დღესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც უკრაინას ვაშინგტონის შემდგომ მხარდაჭერას დაჰპირდა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. 

ბაიდენმა გაიხსენა ჰოლოდომორი, როგორც საბჭოთა რეჟიმის მიერ განხორციელებული მიზანმიმართული შიმშილობა, რომელმაც მილიონობით უკრაინელი შეიწირა. 

„ჩვენ გვახსოვს კაცები, ქალები და ბავშვები, რომლებიც ჰოლოდომორის დროს დაიღუპნენ. ჩვენ ასევე პატივს მივაგებთ მათ, ვინც გადარჩა და მათ შთამომავლებს, რომლებმაც, მიუხედავად სტალინის მცდელობისა, ჩაეხშო უკრაინელების ეროვნული იდენტობა, ააშენეს თავისუფალი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული უკრაინა.

ახლა, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ ჰოლოდომორის ოფიციალურ იუბილეს, ჩვენ ასევე ვადასტურებთ მზადყოფნას, დავდგეთ უკრაინელი ხალხის გვერდით იმ დროს, როდესაც მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ რუსეთი უკვე სამი წელია, უკრაინის წინააღმდეგ დაპყრობით ომს აწარმოებს იმ იმედით, რომ მას რუკიდან წაშლის.

„ამ მხრივ რუსეთი წარუმატებელი აღმოჩნდა. კიევი თავისუფალია ნაწილობრივ შეერთებული შტატებისა და 50-ზე მეტი ქვეყნის წყალობით, რომლებმაც გადაწყვიტეს, უკრაინას საჭირო დახმარება გაუწიონ...

ჩემი გზავნილი უკრაინელებისთვის ამ დღეს ნათელია: შეერთებული შტატები პატივს სცემს თქვენს წარსულს და თქვენს გვერდით დგას აწმყოში. ამ დღეს კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ვალდებულებას, გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა მისი თავისუფლების დასაცავად, მისი სამართლიანობისკენ სწრაფვისა და ევროატლანტიკური მომავლისკენ არჩეული გზის მისაღწევად. უკრაინელი ხალხის სიმამაცე და ძალა გაიმარჯვებს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.