Loading data...
ბაჰრეინის საგარეო უწყება: ირანის თავდასხმა სახიფათო ესკალაციაა

ბაჰრეინმა განაცხადა, რომ ირანმა მის წინააღმდეგ „რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა და დრონი“ გამოიყენა და  ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავდასხმას „საშიში ესკალაცია“ უწოდა.

„ეს თავდასხმა აჩვენებს, რომ ირანი მიზანმიმართულ პოლიტიკას ატარებს და სისტემატურად იმეორებს აგრესიას ბაჰრეინის სუვერენიტეტისა და მისი მოქალაქეებისა და მცხოვრებლების უსაფრთხოების წინააღმდეგ“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მანამდე „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ განაცხადა, რომ 27 ივნისს ირანის ობიექტებზე განხორციელებული ამერიკული ავიაიერიშების საპასუხოდ, ბაჰრეინსა და ქუვეითში მდებარე აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყა. ბაჰრეინში  28 ივნისის დილით რამდენჯერმე ჩაირთო საჰაერო განგაშის სირენები, ხოლო ხელისუფლებამ მოსახლეობას უსაფრთხო ადგილებში გადასვლისკენ მოუწოდა.

ბაჰრეინის განცხადებით, ირანის ეს თავდასხმები საფრთხეს უქმნის სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს ყველა წევრ სახელმწიფოს, მათ შორის ქუვეითს, ომანს, კატარს, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს და აღნიშნა, რომ მოქმედებს ერთობლივი თავდაცვის შეთანხმება.

ამასთან, ბაჰრეინის თავდაცვის ძალების გენერალურმა სარდლობამ მოსახლეობას მოუწოდა, არ მიუახლოვდნენ თავდასხმის შემდეგ დარჩენილ ნამსხვრევებს ან სხვა საეჭვო ობიექტებს. ასევე, აღინიშნა, რომ ბაჰრეინის შეიარაღებული ძალების ყველა დანაყოფი საბრძოლო მზადყოფნის უმაღლეს დონეზეა გადაყვანილი.