Loading data...
აზერბაიჯანში შრომის საათობრივი ანაზღაურების შემოღებას გეგმავენ

აზერბაიჯანი შრომის საათობრივი ანაზღაურების შემოღებას გეგმავს, კერძოდ, ერთ თვეზე ნაკლები ვადით შრომითი ხელშეკრულების დადებისას, ან კვირაში არაუმეტეს 20 საათით დასაქმების შემთხვევაში. აღნიშნული გადაწყვეტილება გათვალისწინებულია შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტით. 

საათობრივი ანაზღაურება შეეხება ეკონომიკის გარკვეულ სექტორებში მოქმედ საწარმოებს, ასევე, ფიზიკური პირების - დამსაქმებლების მიერ შექმნილ სამუშაო ადგილებს. ასეთი სფეროების ჩამონათვალს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო დაამტკიცებს.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებში საათობრივი ანაზღაურების გამოყენება დაშვებული იქნება, თუ ის გათვალისწინებულია მოქმედი ანაზღაურების სისტემით.

კანონპროექტი ასევე ადგენს მინიმალურ გარანტიებს დასაქმებულებისთვის. ამასთან, თითოეული სამუშაო საათისთვის ანაზღაურება არ შეიძლება იყოს დადგენილ მინიმალურ საათობრივ ხელფასზე ნაკლები.

თუ თანამშრომელი დღის განმავლობაში ერთ საათზე ნაკლებს იმუშავებს, მან მაინც უნდა მიიღოს სრული საათის მინიმალურ ანაზღაურებაზე არანაკლები თანხა. ნებისმიერი შემდგომი არასრული საათი ასევე ჩაითვლება და ანაზღაურდება სრულ საათად.

ამასთან, მინიმალური საათობრივი ანაზღაურება უნდა აღემატებოდეს მინიმალური ყოველთვიური ანაზღაურების საფუძველზე გამოთვლილ საათობრივ განაკვეთს.

კიდევ ერთი ცვლილება ითვალისწინებს ხელფასის ელექტრონულ გადახდაზე სრულ გადასვლას. დამსაქმებლები ხელფასებსა და სხვა გადახდებს დასაქმებულის მიერ არჩეულ საბანკო ანგარიშზე გადარიცხავენ.