Loading data...
აზერბაიჯანში 16 წლამდე მოზარდებს სოციალურ ქსელებში რეგისტრაცია აეკრძალებათ

აზერბაიჯანში 16 წლამდე მოზარდებს სოციალურ ქსელებში რეგისტრაცია აეკრძალებათ. წერს აზერბაიჯანული მედია.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მოთხოვნები აისახება „ინფორმაციის, ინფორმატიზაციისა და ინფორმაციის დაცვის შესახებ“ კანონის ახალ მუხლებში, რომლებიც აზერბაიჯანის მილი მეჯლისის სხდომაზე განიხილეს.

ახალი რეგულაციით, 16-დან 18 წლამდე მოზარდები სოციალურ ქსელებში ანგარიშის შექმნასა და გამოყენებას მხოლოდ მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით შეძლებენ.

მომხმარებლის ასაკის დასადასტურებლად გამოყენებული იქნება საბანკო ბარათი, მობილური ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი. საბანკო ბარათიდან მცირე თანხა დროებით ჩამოიჭრება, რომელიც შემდგომ მომხმარებელს უკან დაუბრუნდება.

ამასთან, ცვლილების მიხედვით, 16-18 წლის მოზარდების ციფრულ ანგარიშებში გაკონტროლება ის კონტენტი და რეკლამები, რომლებსაც არასრულწლოვნები ხედავენ.

კანონპროექტის მიხედვით, სოციალურ პლატფორმებს აეკრძალებათ არასრულწლოვანთა პირადი ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება კომერციული მიზნებისთვის.

როგორც ცნობილია, პლატფორმების სიას შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ დანიშნული ორგანო ან დაწესებულება განსაზღვრავს.

კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღეს და ქვეყნის პრეზიდენტს გადაეგზავნება ხელმოსაწერად.