აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო შეთანხმების სრული ტექსტი გამოაქვეყნეს

აზერბაიჯანმა და სომხეთმა ვაშინგტონში გაფორმებული სამშვიდობო დეკლარაციის სრული ტექსტი გამოაქვეყნეს. დოკუმენტის ტექსტი სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროების ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დოკუმენტს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა 8 აგვისტოს თეთრ სახლში მოაწერეს ხელი.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ მხარეები შეთანხმდნენ, აღიარონ და პატივი სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობას და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას.
„მხარეები ადასტურებენ, რომ ყოფილი სსრკ-ის სოციალისტური რესპუბლიკების საზღვრები გახდა შესაბამისი დამოუკიდებელი სახელმწიფოების საერთაშორისო საზღვრები და აღიარებულია, როგორც ასეთად საერთაშორისო საზოგადოების მიერ, მხარეები აღიარებენ და პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო საზღვრების ხელშეუხებლობას და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას“, - ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთან, სომხეთი და აზერბაიჯანი ადასტურებენ, რომ არ აქვთ ტერიტორიული პრეტენზიები ერთმანეთის მიმართ და არ წამოაყენებენ ასეთ პრეტენზიებს მომავალშიც.
„მხარეები არ ახორციელებენ არანაირ ქმედებებს, მათ შორის დაგეგმვას, მომზადებას, წახალისებას და ისეთი ქმედებების მხარდაჭერას, რომლებიც მიმართულია მეორე მხარის ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური ერთიანობის დაშლისა ან დარღვევისკენ, მთლიანად ან ნაწილობრივ“, - აღნიშნულია ტექსტში.
ამასთან, მიღწეულია შეთანხმება, რომ მხარეები თავს შეიკავებენ ძალის გამოყენებისა და ძალის გამოყენების მუქარისგან, რომელიც მიმართული იქნება ტერიტორიული მთლიანობისა ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ.
ამავე მუხლში ნათქვამია, რომ „მხარეები რ დაუშვებენ მესამე მხარის მიერ თავიანთი ტერიტორიის გამოყენებას მეორე მხარის წინააღმდეგ ძალის გამოსაყენებლად, რაც შეუთავსებელია გაეროს ორგანიზაციის წესდებასთან“.
ტექსტის მიხედვით, სომხეთი და აზერბაიჯანი თავს შეიკავებენ ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩარევისგან. ასევე, მხარეები შეთანხმდნენ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე, თუმცა დეკლარაციაში არ არის მითითებული კონკრეტული ვადა.
მხარეები ასევე თანხმდებიან, რომ გააგრძელებენ მუშაობას საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციაზე და ასევე აღნიშნულია, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი თანხმდებიან, რომ არ განალაგებენ საზღვრის გასწვრივ ნებისმიერი მესამე ქვეყნის სამხედრო ძალებს.
„საერთო საზღვრის დემარკაციამდე და მომდევნო დემარკაციამდე მხარეები განახორციელებენ ურთიერთშეთანხმებულ უსაფრთხოების ღონისძიებებსა და ნდობის განმტკიცების ზომებს, მათ შორის სამხედრო სფეროში, სასაზღვრო რაიონებში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, - ვკითხულობთ ტექსტში.
ამასთან, მხარეები პირობას დებენ, რომ „მხარეები გმობენ და იბრძოლებენ შეუწყნარებლობას, რასობრივ სიძულვილს და დისკრიმინაციას, სეპარატიზმს, ძალადობრივ ექსტრემიზმსა და ტერორიზმს მათი ყველა გამოვლინებით, თითოეული თავისი იურისდიქციის ფარგლებში“.
მხარეები ასევე იღებენ ვალდებულებას „გადაწყვიტონ უგზო-უკვლოდ დაკარგული პირებისა და ძალადობრივი გაუჩინარების საკითხები, მათ შორის ასეთ პირებზე ხელმისაწვდომი ყველა ინფორმაციის გაცვლის გზით, პირდაპირ ან საჭიროების შემთხვევაში შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით“.
ასევე ტექსტში ნათქვამია, რომ „მხარეებს შეუძლიათ დადონ შეთანხმებები სხვადასხვა სფეროში, რომელიც წარმოადგენს საერთო ინტერესს, მათ შორის ეკონომიკის, სატრანზიტო-სატრანსპორტო, ეკოლოგის, ჰუმანიტარული და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ“.
ამავე დეკლარაციაში სომხეთი და აზერბაიჯანი პირობას დებენ, რომ უზრუნველყოფენ ამ შეთანხმების სრულად იმპლემენტაციას და შექმნიან ორმხრივ კომისიას, რომელიც ამ პროცესს მონიტორინგს გაუწევს.
ამასთან, მხარეები პირობას დებენ, რომ „ეს შეთანხმება არ შეზღუდავს მხარეების უფლებებსა და ვალდებულებებს, რომლებიც გამომდინარეობს საერთაშორისო სამართლიდან და ხელშეკრულებებიდან, რომლებიც დაიდო თითოეული მხარის მიერ გაეროს ორგანიზაციის სხვა წევრ სახელმწიფოებთან“.
ამასთან ერთად, „მხარეები უზრუნველყოფენ, რომ მოქმედი საერთაშორისო შეთანხმებები მათსა და ნებისმიერ მესამე მხარეს შორის არ მიაყენებს ზიანს ამ შეთანხმების მიხედვით გაწერილი ვალდებულებების შესრულებას“.
„თავიანთ ორმხრივ ურთიერთობებში მხარეები ხელმძღვანელობენ საერთაშორისო სამართლის ნორმებითა და ამ შეთანხმებით. არცერთ მხარეს არ აქვს უფლება, მიმართოს თავის ეროვნულ კანონმდებლობის დებულებებს, როგორც ამ შეთანხმების დაუცველობის გამართლებას. მხარეები „საერთაშორისო ხელშეკრულებათა სამართლის შესახებ ვენის კონვენციის“ შესაბამისად თავს შეიკავებენ ნებისმიერი ისეთი ქმედებისგან, რომელიც ეწინააღმდეგება ამ შეთანხმების მიზნებსა და ამოცანებს, მისი ძალაში შესვლამდე“, - ნათქვამია ტექსტში.
ამ შეთანხმების ძალში შესვლიდან ერთ თვეში მხარეებმა უნდა გაიწვიონ ნებისმიერი სახელმწიფოთაშორისი პრეტენზიები, საჩივრები, აპელაციები, დავები, რომლებიც შეტანილია ნებისმიერ სამართლებრივ ფორუმზე და რომლებიც ეხება ამ შეთანხმების ხელმოწერამდე არსებულ საკითხებს.
„ამ შეთანხმების ძალაში შესვლიდან ერთი თვის განმავლობაში მხარეებმა უნდა გაიწვიონ უკან, გააუქმონ ან სხვაგვარად მოაგვარონ ნებისმიერი და ყველა სახელმწიფოთაშორისი პრეტენზია, საჩივარი, აპელაცია, საქმისწარმოება და დავა, რომელიც შეტანილია ნებისმიერ იურიდიულ ფორუმზე ამ შეთანხმების ხელმოწერამდე მხარეებს შორის არსებულ საკითხებთან დაკავშირებით და არ უნდა მოახდინონ ინიცირება ასეთ პრეტენზიებს, საჩივრებს, აპელაციებს, საქმისწარმოებისა და არ უნდა იყვნენ ჩართულნი ნებისმიერი ასეთი პრეტენზიების, საჩივრების, აპელაციებსა და საქმისწარმოებაში, რომელიც შეტანილია რომელიმე მესამე მხარის მიერ მეორე მხარის წინააღმდეგ. მხარეები არანაირი ფორმით არ განახორციელებენ, წაახალისებენ ან არ მიიღებენ მონაწილეობას ერთმანეთის წინააღმდეგ მტრულ ქმედებებში დიპლომატიურ, საინფორმაციო ან სხვა სფეროებში, რომელიც ეწინააღმდეგება ამ შეთანხმებას და ჩაატარებენ რეგულარულ კონსულტაციებს ამ მიზნით“, - ნათქვამია ტექსტში.
დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ეს შეთანხმება ძალაში შედის იმ დღიდან, როდესაც მხარეები გაცვლიან შეტყობინებებს შიდა პროცედურების დასრულების შესახებ, რომლებსაც ითვალისწინებს ხელმომწერი ქვეყნების ეროვნული კანონმდებლობა.