Axios: ზელენსკიმ ტრამპს უთხრა, რომ უკრაინა რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის მზადაა

თუ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიიღწევა, უკრაინა მზადაა, რუსეთთან პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს. როგორც Axios-ი ორ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ევროპელმა ლიდერებმა ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 10 მაისს 15-წუთიანი სატელეფონო საუბრის დროს განუცხადეს.
საუბრის დროს მოკავშირეებმა ტრამპთან ხაზგასმით აღნიშნეს, რომ თუ პუტინი უარს იტყვის ცეცხლის შეწყვეტაზე, ევროპული ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებენ, განაცხადეს წყაროებმა.
„ტრამპი კმაყოფილი ჩანდა, რომ უკრაინამ ცეცხლის შეწყვეტას მხარი დაუჭირა და რუსეთთან პირდაპირ მოლაპარაკებებს დათანხმდა“, - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.
მეორე წყარომ დასძინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი მოხარული იყო იმის გაგებით, რომ უკრაინამ და ევროპამ მის წინადადებას მხარი დაუჭირეს.
„ახლა ჩვენ ველოდებით რუსეთის მოქმედებას“, - აღნიშნა წყარომ.
ცნობისთვის, ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა, ევროპის ქვეყნები და შეერთებული შტატები შეთანხმდნენ, რომ 12 მაისს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა დაიწყება.
„ჩვენ ამას რუსეთისგან ერთად ვითხოვთ. ჩვენ ვიცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამაში მხარს გვიჭერს. უპირობო ცეცხლის შეწყვეტა ნიშნავს - ყოველგვარი პირობების გარეშე ცეცხლის შეწყვეტას. ნებისმიერი პირობის წაყენების მცდელობა ომის გახანგრძლივებისა და დიპლომატიის ჩაშლის განზრახვის დასტურია. ცეცხლის შეწყვეტა ყოვლისმომცველი უნდა იყოს - ჰაერში, ზღვასა და ხმელეთზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.