Axios: ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ ომის რაც შეიძლება მალე დასრულება სურს
Axios-მა კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით, უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დამატებითი დეტალები გაავრცელა.
როგორც მედიასაშუალება იტყობინება, თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ მას ომის რაც შეიძლება მალე დასრულება სურს.
დონალდ ტრამპს სამშვიდობო შეთანხმების ზაფხულისთვის მიღწევა სურს, თუმცა უკრაინასა და რუსეთს შორის კვლავ არსებობს მნიშვნელოვანი უთანხმოებები, განსაკუთრებით აღმოსავლეთ უკრაინაში ტერიტორიული კონტროლის საკითხთან დაკავშირებით.
როგორც მედიასაშუალება წერს, პრეზიდენტებს შორის 30-წუთიანი სატელეფონო საუბარი შედგა.
წყაროების ცნობით, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ტრამპს დახმარებისთვის და თქვა, რომ მხოლოდ ამერიკის პრეზიდენტს შეუძლია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, ომის დასრულება აიძულოს.
„ზელენსკიმ განაცხადა, რომ იმედოვნებს, ომი წელს დასრულდება, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ ომი ძალიან დიდი ხანია მიმდინარეობს და სურს, რომ ის ერთ თვეში დასრულდეს“, - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.