Axios: ტრამპმა „რთულ“ შეხვედრაზე ზელენსკის „ტომაჰავკის“ რაკეტების მიწოდებაზე უარი უთხრა

17 ოქტომბერს თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა „რთული“ და „დაძაბული“ იყო. Axios-ის ცნობით, შეხვედრის დროს ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ არ აპირებს უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი „ტომაჰავკის“ რაკეტების მიწოდებას, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით არა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, პრინციპში, აშშ-ის პრეზიდენტმა არ აიღო იარაღის მიწოდების რაიმე ვალდებულება, რასაც უკრაინის ლიდერი იმედოვნებდა.
შეხვედრის შესახებ ინფორმირებულმა ორმა წყარომ Axios-ს განუცხადა, რომ ზელენსკი იმედოვნებდა, რომ ვაშინგტონს უკრაინისთვის ახალი იარაღის მიწოდების ვალდებულებებით დატოვებდა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართული ხანგრძლივი სატელეფონო საუბრის შემდეგ ტრამპი სრულიად განსხვავებულ განწყობაზე აღმოჩნდა.
წყაროების ცნობით, ზელენსკი აქტიურად ითხოვდა „ტომაჰავკის“ რაკეტებს, თუმცა „ტრამპმა წინააღმდეგობა გაუწია და მოქნილობა არ გამოიჩინა“.
„ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ ახლა მისი პრიორიტეტი დიპლომატიაა და მიაჩნია, რომ „ტომაჰავკების“ მიწოდებამ შესაძლოა, მას ხელი შეუშალოს“, - წერს გამოცემა.
ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა, რომ შეხვედრა „რთული“ იყო, მეორემ კი უბრალოდ თქვა, რომ ის „ცუდი“ იყო.
„არავინ ყვიროდა, მაგრამ ტრამპი მკაცრი იყო“, - აღნიშნა პირველმა წყარომ.
„ტრამპმა შეხვედრის დროს რამდენიმე მკაცრი განცხადება გააკეთა და ზოგიერთ მომენტში შეხვედრა საკმაოდ ემოციური იყო“, - განაცხადა მეორე წყარომ.
Axios-ის ცნობით, შეხვედრა ორსაათ-ნახევრის შემდეგ მოულოდნელად დასრულდა.
„ვფიქრობ, დავასრულეთ. ვნახოთ, რა მოხდება მომავალ კვირას“, - განაცხადა ტრამპმა აშშ-სა და რუსეთს შორის დაგეგმილ მოლაპარაკებებზე საუბრისას.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის დიპლომატიური გადაწყვეტის ამჟამინდელი წინადადება ომის დასრულებას ფრონტის ხაზების გაყინვით გულისხმობს.
„ზელენსკის ვიზიტის მთავარი პრიორიტეტი იყო ტრამპისგან ვალდებულებების აღება არა მხოლოდ „ტომაჰავკებთან“, არამედ უკრაინისთვის სასურველ შეიარაღების სხვადასხვა სისტემასთან დაკავშირებითაც, განუცხადა მისმა ადმინისტრაციის უფროსმა Axios-ს შეხვედრამდე. ტრამპმა ასეთი ვალდებულებები არ აიღო“, - წერს გამოცემა.