Loading data...
Axios: ტრამპის განცხადებამ, რომ იემენელ „ჰუსიტებზე“ თავდასხმებს აჩერებს, ისრაელის მთავრობის შეშფოთება გამოიწვია

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებამ, რომ აჩერებს იემენელ „ჰუსიტებზე“ თავდასხმებს, ისრაელის მთავრობის შეშფოთება გამოიწვია. ამის შესახებ „აქსიოსი“ წერს.

როგორც მედია წერს, 8 მაისს თეთრ სახლში დონალდ ტრამპს ისრაელის სტრატეგიულ საქმეთა მინისტრი რონ დერმერი შეხვდა.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ირანის ბირთვული პროგრამა და ღაზაში მიმდინარე ომი განიხილეს.

როგორც გამოცემა  წერს, შეხვედრა გარკვეულწილად უჩვეულოა იმით, რომ, როგორც წესი, პრეზიდენტები, არ ხვდებიან უცხოელ ოფიციალურ პირებს, რომლებიც არ არიან სახელმწიფოს ან მთავრობის მეთაურები.

დონალდ ტრამპმა თავდასხმების შეჩერების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ისრაელმა იემენის დედაქალაქ სანაას აეროპორტი და პორტი დაბომბა, თელ ავივის აეროპორტზე თავდასხმის შემდეგ.

ისრაელის მთავრობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, შოკირებული იყვნენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ არაფერი უთხრა მათ და ამის შესახებ ტელევიზიით გაიგეს.

რონ დერმერი, ასევე, შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს, ვიცე-პრეზიდენტს, ჯეიმს დევიდ ვენსს და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს, სადაც ისრაელის შეშფოთება გამოთქვა.

ახლო აღმოსავლეთში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში, დონალდ ტრამპი საუდის არაბეთს, კატარს და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ეწვევა, თუმცა ისრაელში არ ჩავა.