Loading data...
Axios: ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ომის შემდეგ ახლო აღმოსავლეთისთვის ახალ სტრატეგიას ამზადებს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ომის შემდგომი სტრატეგიის შემუშავებაზე მუშაობს, რომლის მიზანიც ირანის წინააღმდეგ აშშ-ის მოკავშირე ქვეყნების რეგიონული ალიანსის შექმნა და ასევე, აბრაამის შეთანხმებების გაფართოება იქნება, - წერს Axios.

Axios-ის ცნობით, გეგმა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების საწყის ეტაპზეა და ადმინისტრაცია მის განხორციელებას 27 ოქტომბერს დაგეგმილი ისრაელის არჩევნებისა და 3 ნოემბრის აშშ-ის შუალედური არჩევნების დასრულებამდე არ აპირებს.

იმის გათვალისწინებით, რომ გეგმა ომის შემდგომ სტრატეგიად არის წარმოდგენილი, მისი განხორციელება, სავარაუდოდ, ირანთან კონფლიქტის დასრულებას მოითხოვს. თუმცა, ვაშინგტონს კონფლიქტის საკუთარი პირობებით დასრულება ჯერ კიდევ უჭირს.

აშშ-ის ოფიციალურმა პირმა Axios-ს განუცხადა, რომ გეგმა რეგიონული ალიანსის შექმნას ითვალისწინებს, სადაც აშშ გარანტორი იქნება. თუმცა, წყაროს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რას გულისხმობს ეს გარანტია.

როგორც მედია წერს, გეგმის მიხედვით, ასევე, იგეგმება რეგიონული ძალისხმევა „მშვიდობის საბჭოს“ მიერ შემუშავებული „ჰამასის“ განიარაღების გეგმის განსახორციელებლად. ეს პროცესი ამჟამად ჩიხშია შესული, რადგან მას ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობა ეწინააღმდეგება.

გარდა ამისა, გეგმა ითვალისწინებს ისრაელსა და სირიას შორის უსაფრთხოების შეთანხმების გაფორმებას და ისრაელსა და ლიბანს შორის აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ჩარჩო შეთანხმების შემდგომ განხორციელებას. ორივე გეგმა, სავარაუდოდ, მოითხოვს ისრაელის მიერ სირიასა და ლიბანში შექმნილი ბუფერული ზონებიდან სამხედრო ძალების გაყვანას.

გეგმა, ასევე, ითვალისწინებს აბრაამის შეთანხმებების გაფართოებას, მათ შორის ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის ნორმალიზაციის შეთანხმების მიღწევას.

მედიის ცნობით, ამ უკანასკნელი მიზნის განხორციელება განსაკუთრებით რთული იქნება, რადგან ერ-რიადი დაჟინებით მოითხოვს პალესტინის სახელმწიფოებრიობისკენ შეუქცევადი გზის შექმნას, რომელსაც როგორც ნეთანიაჰუ, ისე მისი არაერთი პოლიტიკური მოწინააღმდეგე კატეგორიულად გამორიცხავს.

წყაროების განცხადებით, ისრაელში დაგეგმილი არჩევნების შედეგები, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ინიციატივის წარმატების შანსებზე. თუმცა, ისინი აცხადებენ, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია გეგმის განხორციელებას მაინც გააგრძელებს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში.