Loading data...
Axios-ის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია და ირანი ბოლო დღეების განმავლობაში პირდაპირ კონტაქტში იყვნენ

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ და აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა ბოლო დღეებში კომუნიკაცია აღადგინეს, იტყობინება Axios-ი აშშ-ის ოფიციალურ პირსა და ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.

წყაროების ცნობით, დიალოგი არაღჩის ინიციატივით შედგა. მან უიტკოფს ტექსტური შეტყობინებები გაუგზავნა, რომლებიც ომის დასრულებას ეხებოდა. 

აღნიშნული ინფორმაცია ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში უარყო.

„ბატონ უიტკოფთან ჩემი ბოლო კონტაქტი მისი დამსაქმებლის მიერ ირანზე კიდევ ერთი უკანონო სამხედრო თავდასხმით დიპლომატიის ჩახშობის გადაწყვეტილებამდე შედგა. ნებისმიერი საპირისპირო მტკიცება, როგორც ჩანს, მხოლოდ ნავთობით მოვაჭრეებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად“, - დაწერა მან.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, არაღჩი „ცრუობს და სწორედ მისი ინიციატივით შედგა უიტკოფთან კონტაქტი“. 

გაურკვეველია, რეალურად გაცვალეს თუ არა შეტყობინებები მხარეებმა, თუმცა თუ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეა, ეს წარმოადგენს აშშ-სა და ირანს შორის პირველ პირდაპირ კომუნიკაციას მას შემდეგ, რაც 28 თებერვალს ისრაელმა და აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია „ეპიკური მრისხანება“ დაიწყეს. 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 16 მარტს მიანიშნა, რომ ირანის ოფიციალური პირები მართლაც დაუკავშირდნენ აშშ-ს და ეძებენ გამოსავალს ომის დასასრულებლად.

„მათ შეთანხმების დადება სურთ. ისინი ჩვენს ხალხს ესაუბრებიან“, - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში გამართული ღონისძიების დროს.

„არ ვიცი, მზად არიან თუ არა“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ არ არის დარწმუნებული, ვინ მართავს სინამდვილეში ირანს, რადგან ბევრი მაღალი რანგის ლიდერი დაიღუპა.