Axios-ის ცნობით, აშშ-სა და ირანს შორის ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებები 6 თებერვალს ომანში გაიმართება
აშშ და ირანი ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებებს პარასკევს, 6 თებერვალს, გეგმავენ. მედიაში ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეხვედრა სტამბოლში გაიმართებოდა და რომ აშშ-მა დამკვირვებლების სტატუსით რამდენიმე ცნობილი არაბული და მუსლიმური ქვეყანა მიიწვია.
თუმცა, როგორც არაბულმა წყარომ სააგენტო Axios-ს განუცხადა, ტრამპის ადმინისტრაცია დათანხმდა ირანის მოთხოვნას, პარასკევს დაგეგმილი მოლაპარაკებები თურქეთიდან ომანში გადაიტანოს.
წყაროს ცნობით, ჯერ კიდევ მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმის შესახებ, მიიღებს თუ არა მონაწილეობას ომანში დაგეგმილ მოლაპარაკებებში რომელიმე არაბული, ან მუსლიმური ქვეყანა.
„ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებენ. მათ სურთ რაღაცის გაკეთება. ვნახოთ, გაკეთდება თუ არა რამე. მათ ჰქონდათ რაღაცის გაკეთების შანსი ცოტა ხნის წინ, მაგრამ ეს არ გამოვიდა და ჩვენ განვახორციელეთ [სამხედრო ოპერაცია] „შუაღამის ჩაქუჩი“, - აღნიშნა ტრამპმა, რითაც მიანიშნა ირანის ბირთვულ პროგრამაზე აშშ-ის მიერ ივნისში განხორციელებულ დარტყმაზე.
„არა მგონია, რომ მათ ეს ისევ სურდეთ. მათ მოლაპარაკება სურთ. ჩვენ ახლა მათთან მოლაპარაკებას ვაწარმოებთ“, - დასძინა ტრამპმა.