Axios: ირანის თავზე ჩამოგდებული F-15 ავიაგამანადგურებლის მეორე პილოტი აშშ-ის ძალებმა გადაარჩინეს
აშშ-ის სპეციალურმა ძალებმა ირანის ტერიტორიაზე ჩამოგდებული F-15 ავიაგამანადგურებლის ეკიპაჟის მეორე წევრი გადაარჩინეს. ამის შესახებ წყაროებმა Axios-ს განუცხადეს.
ეკიპაჟის ორივე წევრი ირანში სპეციალური დანიშნულების რაზმის ოპერაციის დროს გადაარჩინეს.
ორი წყაროს ცნობით, კატაპულტირების შემდეგ F-15-ის პილოტი და შეიარაღების სისტემის ოფიცერი ერთმანეთს საკომუნიკაციო სისტემების მეშვეობით დაუკავშირდნენ.
ამავდროულად, როგორც აღინიშნა, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ასევე ჩქარობდა ირანის სამხრეთ-დასავლეთში დაკარგული ამერიკელი ოფიცრის პოვნას.
ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, ოფიცრის პოვნამდე ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ დეზინფორმაციის კამპანია დაიწყო - ირანში ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ამერიკულმა ძალებმა ის უკვე იპოვეს და ქვეყნიდან მის გაყვანას ცდილობდნენ.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში სამაშველო ოპერაციის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა და მას „აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გაბედული სამძებრო-სამაშველო ოპერაცია“ უწოდა.
ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა ასევე აღნიშნა, რომ ოფიცერი კატაპულტირების შემდეგ დაშავდა, თუმცა სიარული მაინც შეეძლო და ერთ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში მთებში იმალებოდა, რითაც ირანის მხრიდან დატყვევებას გადაურჩა.
ტრამპი და მისი გუნდის წევრები სამაშველო ოპერაციას თეთრი სახლის სიტუაციური ოთახიდან აკვირდებოდნენ.