Axios: გარდამტეხი მომენტი ტრამპისთვის - გაანადგუროს ირანის ინფრასტრუქტურა, თუ მოლაპარაკებებს შანსი მისცეს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე დგას, კერძოდ, მის მიერ დადგენილი დროის გასვლის შემდეგ ირანის ინფრასტრუქტურა გაანადგუროს თუ მოლაპარაკებებს შანსი მისცეს და დაწესებული ვადა გაახანგრძლივოს. ინფორმაციას Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ტრამპი ირანს შუაღამეს ყველა ელექტროსადგურისა და ხიდის განადგურებით ემუქრება. შუამავლები პაკისტანიდან, ეგვიპტიდან და თურქეთიდან ასეთი სცენარის თავიდან არიდებაზე მუშაობენ. მათ გარიგების დადება, ან სულ მცირე, დროის მოგება სურთ.
„თუ პრეზიდენტი დაინახავს, რომ შეთანხმება ახლოს არის, ის სავარაუდოდ, ამის გაკეთებას გადადებს. თუმცა, ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ ის იღებს“, - განუცხადა გამოცემას ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.
ამასთან, თავდაცვის დეპარტამენტის ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, „სკეპტიკურად“ არის განწყობილი, რომ ამჯერად პრეზიდენტი დადგენილ ვადას გაახანგრძლივებს.
გამოცემის კიდევ ერთი წყაროს ცნობით, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ესაუბრა, დონალდ ტრამპი მისი ადმინისტრაციის წევრებს შორის, შესაძლოა, ყველაზე მეტად უჭერდეს მხარს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალისმიერი მეთოდების გამოყენებას.
მისი თქმით, პრეზიდენტი ტრამპი „ქორია“, ხოლო სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი მასთან შედარებით „მტრედები“ არიან.