Axios: დონალდ ტრამპმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში პირველად აშშ-ის სამხედროებს უბრძანა, ირანისთვის არ დაერტყათ
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 24 ივლისს აშშ-ის სამხედროებს უბრძანა, ირანზე ახალი დარტყმების განხორციელებისგან თავი შეეკავებინათ. ამის შესახებ Axios-ს ინფორმირებულმა ორმა წყარომ განუცხადა.
პრეზიდენტმა ეს დირექტივა მას შემდეგ გასცა, რაც მან ორი კვირის წინ ირანზე ყოველდღიური დარტყმები დაამტკიცა. გაურკვეველია, ტრამპის ბოლო ბრძანება ერთჯერადია, თუ გაგრძელდება.
როგორც Axios-ი წერს, ტრამპმა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება მას შემდეგ გასცა, რაც ომანის დელეგაცია ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის ახალ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებისთვის თეირანში ჩავიდა.
ორი რეგიონული წყაროს ცნობით, მოლაპარაკებებში პროგრესია მიღწეული და ომანმა და ირანმა შეთანხმებას შესაძლოა, ამ შაბათ-კვირას მიაღწიონ.
ცეცხლის შეწყვეტის ბრძანების გაცემიდან მალევე ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას აქვს დარტყმების გაგრძელების, ან თუნდაც მათი ესკალაციის ვარიანტი, მათ შორის „ყველაფრის განადგურების“. თუმცა, როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, მისი აზრით, „უფრო ჭკვიანური სტრატეგია“ ირანთან „შეთანხმების დადებაა“.
„ამჟამად [ირანელებთან] ვსაუბრობთ. ვფიქრობ, ისინი დღეების განმავლობაში სულ უფრო და უფრო სერიოზულად რეაგირებენ. ჩვენ შეიარაღებულები ვართ და მზად ვართ მოქმედებისთვის, მაგრამ მათთან ვსაუბრობთ“, - განაცხადა ტრამპმა.
მოგვიანებით, თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის სადილზე სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა განაცხადა, რომ, მისი აზრით, ირანი ამ ეტაპზე შეთანხმების დადებისთვის მზად არ არის, თუმცა თავად მზადაა, მათ მოუსმინოს.
წყაროების ცნობით, აშშ-ის სამხედრო ძალები კვლავ ამზადებენ გეგმებს ძირითად საბრძოლო ოპერაციებში შესაძლო დაბრუნებისთვის, თუმცა ტრამპს ამ მიმართულებით ბრძანება არ გაუცია.