Axios: აშშ უკრაინას დონბასიდან გასვლის სანაცვლოდ ნატოს მე-5 მუხლით გათვალისწინებულ გარანტიებს სთავაზობს
დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი 15 დეკემბერს, ბერლინში შეხვდებიან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და გერმანიის, საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერებს, რათა მიაღწიონ შეთანხმებას აშშ-ის გეგმაზე.
Axios-ი თეთრი სახლის წარმომადგენლების ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ მზადაა უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები მიაწოდოს ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ.
მოლაპარაკებების მთავარი დაბრკოლება ტერიტორიული დათმობებია, რომელთა გაკეთებასაც აშშ კიევს სთხოვს.
„თეთრი სახლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ზელენსკიმ ხუთშაბათს საჯარო განცხადებებში მიანიშნა, რომ უკრაინას შეეძლო რეფერენდუმის ჩატარება სამშვიდობო შეთანხმებაზე, რომელიც ტერიტორიების დათმობას გულისხმობს. ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ აშშ ამას პროგრესად მიიჩნევს“, - წერს Axios.
ამავდროულად, თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამ დისკუსიებმა და ხუთშაბათს აშშ-უკრაინის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდმა საკმარისი პროგრესი აჩვენა იმისათვის, რომ ტრამპმა უიტკოფი და კუშნერი ევროპაში გაგზავნოს.
„მათ სჯერათ, რომ მშვიდობის შანსი არსებობს და პრეზიდენტი მათ ენდობა“, - განაცხადა თეთრი სახლის მეორე წარმომადგენელმა.
ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მზადაა უკრაინას მიაწოდოს გარანტიები ნატოს მე-5 მუხლის საფუძველზე, რომელსაც კონგრესი დაამტკიცებს.
„ჩვენ გვსურს, უკრაინელებს მივაწოდოთ უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც, ერთი მხრივ, არ იქნება ცარიელი ჩეკი და, მეორე მხრივ, საკმარისად ძლიერი იქნება. ჩვენ მზად ვართ, ეს კონგრესს კენჭისყრისთვის გავუგზავნოთ“, - განაცხადა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.
მან განაცხადა, რომ დაიდება სამი ცალკეული შეთანხმება: მშვიდობის, უსაფრთხოების გარანტიებისა და რეკონსტრუქციის შესახებ.
ამავდროულად, ოფიციალური პირის თქმით, ომის შემდგომი ეკონომიკური და აღდგენითი განვითარების ზომების პაკეტზე მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს:
„ამჟამინდელი წინადადების თანახმად, ომი დასრულდება იმით, რომ უკრაინა შეინარჩუნებს სუვერენიტეტს თავისი ტერიტორიის 80%-ზე, მიიღებს ყველაზე დიდ და მტკიცე უსაფრთხოების გარანტიებს, რაც კი ოდესმე მიუღია და მასშტაბურ ეკონომიკური დახმარების პაკეტს“.