Axios: აშშ ირანის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ ოპერაციებს აღარ გეგმავს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ბოლო დღეებში თავის რამდენიმე უცხოელ კოლეგას განუცხადა, რომ შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ დარტყმებს არ განახორციელებს. ამის შესახებ Axios-მა საკუთარი წყაროებისგან შეიტყო.
წყაროების ცნობით, რუბიომ ირანთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის ამჟამინდელი პოლიტიკა რამდენიმე კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას გაახმოვანა.
აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ჰორმუზის სრუტის დიდი ნაწილის ნაღმებისგან გაწმენდამ, ასევე, იმ ფაქტმა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში სრუტის სამხრეთ ნაწილში მეტი ტანკერი გადაადგილდა, მნიშვნელოვნად შეამცირა ირანის გავლენა გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე.
თეთრი სახლის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, რომლებიც ირანთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობენ, აშშ-ის ცენტრალურ სარდლობას ეწვევიან ადგილზე არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგისთვის, განაცხადა სიტუაციასთან დაკავშირებულმა წყარომ.
ამავდროულად, მისი თქმით, ყურადღება გამახვილებულია ზეწოლის სხვა საშუალებებზე, კერძოდ, ამ კვირაში გამოცხადებულ სანქციების ინიციატივაზე.
აშშ-ის ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუბიომ მკაფიოდ განმარტა, რომ აშშ არ გეგმავს ფართომასშტაბიან საბრძოლო ოპერაციებში დაბრუნებას, მას არ გამოურიცხავს საპასუხო დარტყმები იმ შემთხვევაში, თუ ირანი პირველი განახორციელებს დარტყმას.
კიდევ ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ აშშ-ის საზღვაო ძალების მიერ ჰორმუზის სრუტის ნაღმებისგან გაწმენდის სამუშაოები ომში გარდამტეხი მომენტია, რაც მნიშვნელოვნად ანეიტრალებს ირანის გავლენის ერთ-ერთ მთავარ წყაროს.
მეორე ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ მოსალოდნელია, რომ ეს პოლიტიკა გაგრძელდება სულ მცირე შუალედური არჩევნების დასრულებამდე, რის შემდეგაც ახალი სამხედრო კამპანიის საკითხი შესაძლოა, დღის წესრიგში დაბრუნდეს.