Loading data...
Axios: ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის მთავარსარდალმა ჰორმუზის სრუტის გარშემო დაბომბვის კამპანიის შეწყვეტის რეკომენდაცია გასცა

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ძალების მთავარსარდალმა, ადმირალმა ბრედ კუპერმა ჰორმუზის სრუტის გარშემო საჰაერო დარტყმების შეწყვეტის რეკომენდაცია გასცა, რადგან მათმა ეფექტურობამ ზღვარს მიაღწია. ამის შესახებ Axios-ს ორმა ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა.

წყაროების ცნობით, კუპერის რეკომენდაციამ სხვა მრჩევლების მოსაზრებებთან ერთად გავლენა მოახდინა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ 24 ივლისს მიღებულ გადაწყვეტილებაზე, ირანზე დარტყმები შეეჩერებინა.

ორი კვირის განმავლობაში პირველად ტრამპმა სამხედროებს უბრძანა, ცეცხლი შეეწყვიტათ და ირანის სამხრეთ სანაპიროსთან და ჰორმუზის სრუტეში სამიზნეებზე დარტყმები არ განეხორციელებინათ. 

წყაროების ცნობით, ადმირალმა კუპერმა შემდგომი ქმედებების შესახებ თავისი რეკომენდაციები პენტაგონს, შტაბების უფროსების გაერთიანებულ კომიტეტსა და თეთრ სახლს გასული კვირის დასაწყისში წარუდგინა.

წყაროებმა აღნიშნეს, რომ გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარემ, გენერალმა დენ კეინმა, ასევე პირადად გააფრთხილა თავდაცვის მდივანი პიტ ჰაგსეთი და ტრამპი, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის გამანადგურებელი რაკეტების დეფიციტმა შესაძლოა, შეზღუდოს ამერიკელი ჯარებისა და მოკავშირეების დაცვის შესაძლებლობა რეგიონში.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, პრეზიდენტის სამხედრო და სამოქალაქო მრჩევლებმა აღიარეს, რომ არსებობს შეზღუდვები იმასთან დაკავშირებით, თუ რისი მიღწევაა შესაძლებელი სამხედრო მოქმედებებით, კერძოდ, საჰაერო ძალების კამპანიით.

წყაროების ცნობით, შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე ტრამპი ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციების განახლების მომხრე იყო, თუმცა მისი პოზიცია 23 ივლისის საღამოს შეიცვალა. მომდევნო დღეს კი მან სრუტის დაბომბვის შეჩერების ბრძანება გასცა. 

კუპერმა აშშ-ის ადმინისტრაციისთვის წარდგენილ რეკომენდაციაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჰორმუზის სრუტეში ორკვირიანმა დარტყმებმა მნიშვნელოვნად შეასუსტა გემებზე ირანის თავდასხმის უნარი. ამასთან, მისივე თქმით, დაბომბვისთვის იდენტიფიცირებული სამიზნეების უმეტესობა უკვე განადგურებულია.

ცენტრალური სარდლობის მეთაურის თქმით, შემდეგი შესაძლო ნაბიჯი შეიძლება იყოს ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაციების განახლება იმ სამიზნეების 20%-ის განადგურების მიზნით, რომლებიც აშშ-ის სამხედროებმა გამოავლინეს, მაგრამ ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ დროს მათ წინააღმდეგ დარტყმები არ განუხორციელებიათ.

წყაროების ცნობით, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაციების განახლების შესახებ გადაწყვეტილების არარსებობის შემთხვევაში, წინა ორი კვირის განმავლობაში განხორციელებული დაბომბვის კამპანიის გაგრძელებას აზრი არ აქვს.