ავსტრია გაყინული რუსული აქტივებიდან უკრაინისთვის იარაღის შესყიდვას ეწინააღმდეგება

ავსტრიის ფინანსთა მინისტრმა მარკუს მარტერბაუერმა განაცხადა, რომ გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული თანხები უკრაინისთვის პირდაპირ იარაღის შესაძენად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს.
მარტერბაუერმა განმარტა, რომ მინისტრებმა პირველ რიგში უნდა განიხილონ ევროკომისიის ინოვაციური წინადადება იმის შესახებ, თუ როგორ გადაიქცეს გაყინული რუსული აქტივები უკრაინისთვის რეპარაციების სესხების ნაღდ თანხად.
გარდა ამისა, მისი თქმით, ავსტრიის ნეიტრალიტეტი აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული.
მისივე განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ ამ ფულით იარაღის პირდაპირი შეძენის შესაძლებლობა გამორიცხულია.
შეგახსენებთ, უკრაინისთვის გაყინული რუსული აქტივებიდან რეპარაციის სესხის საკითხი 23-24 ოქტომბერს ევროპული საბჭოს სხდომაზე განიხილება.
ევროკავშირის ლიდერების დონეზე განხილვების შემდეგ, ევროკომისია ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო დეტალურ წინადადებას მოამზადებს.
რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენებით სესხის გაცემის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ უკრაინა სესხის დაფარვას მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებს, რაც რუსეთი ომს დაასრულებს და ომის შემდგომ რეპარაციებს გადაიხდის.