ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის თქმით, კანბერა სექტემბერში პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს

ავსტრალია პალესტინის სახელმწიფოს სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აღიარებს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანეზემ, რომელმაც ორი კვირის წინ აღნიშნა, რომ მსგავსი ნაბიჯის გადადგმას უახლოეს მომავალში არ აპირებდა.
„ავსტრალია აღიარებს პალესტინელი ხალხის უფლებას, ჰქონდეთ საკუთარი სახელმწიფო, რაც დაფუძნებული იქნება ავსტრალიის მიერ პალესტინის ხელისუფლებისგან მიღებულ ვალდებულებებზე. ჩვენ ვიმუშავებთ საერთაშორისო საზოგადოებასთან, რათა ეს უფლება რეალობად ვაქციოთ“, - განაცხადა მან კაბინეტის სხდომის შემდეგ და ეს ნაბიჯი შეაფასა, როგორც „კოორდინირებული გლობალური ძალისხმევის ნაწილი, რომელიც ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის იმპულსის შექმნას ისახავს მიზნად“.
მისი თქმით, „ჰამასს“ შესაძლოა, ასეთ სახელმწიფოში არანაირი როლი არ ჰქონდეს. ამასთან, მისივე თქმით, ისრაელი „აგრძელებს საერთაშორისო სამართლის დარღვევას“, ხოლო ღაზაში არსებული ვითარება „მსოფლიოს ყველაზე უარეს ოცნებებს სცდება“.
ეს ნაბიჯი „ეფუძნება ავსტრალიის მიერ პალესტინის ხელისუფლებისგან მიღებულ ვალდებულებებს“, აღნიშნა ალბანეზემ და დასძინა, რომ ეს ვალდებულებები მოიცავს იმის უზრუნველყოფას, რომ „ჰამასს“ პალესტინის მთავრობაში არანაირი როლი არ ჰქონდეს, მოხდეს ღაზას დემილიტარიზაცია და ჩატარდეს არჩევნები, რომლებიც 2006 წლის შემდეგ არ ჩატარებულა.
მისივე თქმით, პალესტინის ხელისუფლება დებს პირობას, რომ დაადასტურებს ისრაელის უფლებას, იარსებოს მშვიდობიანად და უსაფრთხოდ და გაატარებს არსებით რეფორმებს.
„ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტა კაცობრიობის საუკეთესო იმედია, რათა დაირღვეს ძალადობის ციკლი ახლო აღმოსავლეთში და დასრულდეს კონფლიქტი, ტანჯვა და შიმშილი ღაზაში“, - განაცხადა ალბანეზემ.
მისი თქმით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ამ საკითხზე ისაუბრა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ახალი ზელანდიისა და იაპონიის ლიდერებთან, ასევე, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის თქმით, ნეთანიაჰუსთან მისი საუბარი ცივილიზებული და შედარებით ხანგრძლივი იყო. „არგუმენტები, რომლებიც მან წარმომიდგინა, ძალიან ჰგავდა იმ არგუმენტებს, რომლებზეც ის ერთ წელზე მეტი ხნის წინ საუბრობდა. ეს ჩემთვის ძალიან ნათელია და მეც არგუმენტად ვუთხარი, რომ ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტა და არა სამხედრო“, - დასძინა მან.
ნეთანიაჰუმ გააკრიტიკა ავსტრალია და სხვა ევროპული ქვეყნები, რომლებიც პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გეგმავენ და აღნიშნა, რომ მათი გადაწყვეტილება „სამარცხვინოა“.