ავსტრალიის პოლიცია: ბონდის სანაპიროზე ტერორისტული თავდასხმა ISIS-ის მიერ იყო შთაგონებული, მსროლელთა მანქანაში ბომბები აღმოაჩინეს
სიდნეის ბონდის სანაპიროზე ხანუქას აღნიშვნის დროს მომხდარი მასობრივი სროლა, რომელსაც 15 ადამიანი ემსხვერპლა, „ისლამური სახელმწიფოს მიერ შთაგონებული ტერორისტული თავდასხმაა“, - განაცხადა ავსტრალიის ფედერალური პოლიციის კომისარმა კრისი ბარეტმა.
ხელისუფლების ცნობით, ეჭვმიტანილები მამა-შვილი, 50 წლის საჯიდ აკრამი და 24 წლის ნავიდ აკრამი იყვნენ. შუახნის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, მისი შვილი კი მძიმედ დაიჭრა და საავადმყოფოში იმყოფება.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანეზემ განაცხადა, რომ თავდასხმის მოტივი მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, მათ შორის, ეჭვმიტანილთა „ჩამორთმეულ მანქანაში „ისლამური სახელმწიფოს“ დროშების აღმოჩენით“.
ალბანეზეს თქმით, ნავიდ აკრამი ავსტრალიის სადაზვერვო სააგენტოს ყურადღების ცენტრში 2019 წელს მოექცა, თუმცა იმ დროს ის გარდაუვალ საფრთხედ არ მიიჩნეოდა.
„ის მათი ყურადღების ცენტრში სხვებთან ურთიერთობის გამო მოექცა. ორ ადამიანს, ვისთანაც ის იყო დაკავშირებული, ბრალი წაუყენეს და ციხეში ჩასვეს, თუმცა იმ დროს ის გამოძიებისთვის საინტერესო პირად არ მიიჩნეოდა“, - დასძინა ალბანეზემ.
ახალი სამხრეთ უელსის შტატის პოლიციის კომისრის მალ ლანიონის თქმით, ეჭვმიტანილები ფილიპინებში გასულ თვეში იმყოფებოდნენ. ლანიონმა განაცხადა, რომ გამომძიებლები გამოიძიებენ მათი მოგზაურობის მიზეზებს და ფილიპინებში მათი ჩასვლის ადგილს.
მან ასევე დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ, ახალგაზრდა ეჭვმიტანილის სახელზე რეგისტრირებულ ავტომობილში იმპროვიზებული ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს.
„ასევე ვადასტურებ, რომ მასში ISIS-ის ორი ხელნაკეთი დროშა იყო“, - განაცხადა ლანიონმა.
14 დეკემბერს მომხდარი თავდასხმის შედეგად დაშავებული 25 ადამიანი კვლავ საავადმყოფოებში მკურნალობს, მათგან 10 კრიტიკულ მდგომარეობაშია. სამი კი ბავშვთა საავადმყოფოში გადის მკურნალობას. დაშავებულებს შორისაა აჰმედ ალ აჰმედი, გამვლელი, რომელმაც ერთ-ერთი თავდამსხმელის, საჯიდ აკრამის განიარაღება მოახერხა.