Loading data...
ავსტრალიის ხელისუფლებამ თეირანი ანტისემიტურ თავდასხმებში დაადანაშაულა და ირანის ელჩს ქვეყნის დასატოვებლად 7-დღიანი ვადა მისცა

ავსტრალიის ხელისუფლებამ თეირანი ანტისემიტურ თავდასხმებში დაადანაშაულა და ირანის ელჩს ქვეყნის დასატოვებლად 7-დღიანი ვადა მისცა, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველი ასეთი გაძევებაა.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანეზემ განაცხადა, რომ ავსტრალიის უსაფრთხოების დაზვერვის ორგანიზაციამ (ASIO) შეაგროვა სანდო სადაზვერვო ინფორმაცია, რომ ირანმა სულ მცირე ორი თავდასხმა განახორციელა.

„ეს იყო აგრესიის განსაკუთრებული და საშიში აქტები, რომლებიც უცხო ქვეყნის მიერ ავსტრალიის მიწაზე იყო ორგანიზებული. ეს იყო სოციალური ერთიანობისთვის ძირის გამოთხრისა და ჩვენს საზოგადოებაში უთანხმოების დათესვის მცდელობები“, - განაცხადა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა.

მან, ასევე, განაცხადა, რომ მთავრობა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს.

ენტონი ალბანეზის განცხადებით, ავსტრალიამ თეირანში თავისი საელჩოს მუშაობა შეაჩერა და ყველა თავისი დიპლომატი უსაფრთხოდ გადაყვანილია მესამე ქვეყანაში.

ცნობისთვის, ორ კაცს წაუყენეს ბრალი დეკემბერში მელბურნის გარეუბანში ერთ-ერთი სინაგოგისთვის ცეცხლის წაკიდების საქმეზე. მეორე შემთხვევა იანვარში მოხდა, როდესაც ხანძარი გაჩნდა სიდნეის გარეუბანში კოშერულ რესტორანში. ავსტრალიის უსაფრთხოების სააგენტოს ცნობით, სავარაუდოდ, ირანი ხელმძღვანელობდა მომდევნო თავდასხმებსაც.