ავსტრალია ახლო აღმოსავლეთში რამდენიმე საელჩოს ხურავს
ავსტრალიამ აბუ-დაბისა და თელ-ავივში საელჩოები, ასევე, დუბაიში საკონსულო დახურა, - ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა პენი ვონგმა განაცხადა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ სულ მცირე ცხრა ქალაქში, სადაც ავსტრალიის საელჩოები და საკონსულოები მდებარეობს, სარაკეტო და დრონებით თავდასხმები განხორციელდა.
„ირანის საპასუხო თავდასხმები გრძელდება ისეთი მასშტაბით და სიღრმით, როგორიც აქამდე არ გვინახავს“, - აღნიშნა ავსტრალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ქვეყნის პარლამენტში საუბრისას.
მისი თქმით, კონფლიქტი, უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, გაძლიერდება და გაგრძელდება.
„ჩვენი მისიები აბუ-დაბიში, დუბაიში და თელ-ავივში ბოლო კვირის განმავლობაში ფიზიკურად დაიხურა“, - აღნიშნა ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, ავსტრალიამ, ასევე, მოუწოდა იმ პირებს, რომლებიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ისრაელში დიპლომატიური წარმომადგენლების დაქვემდებარებაში არიან, ეს ქვეყნები დაეტოვებინათ.
„ირანის სახიფათო და დესტაბილიზაციის გამომწვევმა თავდასხმებმა საფრთხე შეუქმნა მშვიდობიან მოსახლეობას, მათ შორის ავსტრალიელების სიცოცხლეს და ჩვენ ვაგრძელებთ დაზარალებული ავსტრალიელების მხარდაჭერას. შეზღუდული კომერციული ფრენები განახლდა და ვაფართოებთ საკონსულო ძალისხმევას“, - აღნიშნა ვონგმა.