Loading data...
ავღანური მხარის ცნობით, პაკისტანის ავიაიერიშებს ქაბულში 4 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანური მხარე იუწყება, რომ პაკისტანმა ქაბულში მშვიდობიანი მოსახლეობის სახლებზე ავიაიერიშები განახორციელა, რასაც 4 ადამიანი ემსხვერპლა და კიდევ 15 დაიჭრა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ქაბულის პოლიცია იუწყება, რომ დაღუპულთა შორის ქალები და ბავშვები არიან. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ პაკისტანმა იერიშები განახორციელა ქალაქ ყანდაარზე და რამდენიმე სხვა ობიექტზე.

თავის მხრივ, პაკისტანი ავღანეთზე 12-13 მარტის ღამეს ავიაიერიშებს ადასტურებს. პაკისტანის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, შეტევის მიზანი იყვნენ დაჯგუფების, „ტეხრიკ-ე-თალიბან-პაკისტანის“ წევრები. ამ დაჯგუფებას კიდევ პაკისტანელ თალიბებს უწოდებენ.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც 2025 წლის 9 ოქტომბერს ქაბულში ორი აფეთქება მოხდა, რომლებზეც ავღანეთმა პასუხისმგებლობა პაკისტანს დააკისრა. ამის შემდეგ ავღანელმა სამხედროებმა საზღვარზე პაკისტანის შეიარაღებულ ძალებს ცეცხლი გაუხსნეს. საპასუხოდ პაკისტანმა არტილერია, ტანკები, დრონები და ავიაცია გამოიყენა. შეტაკებები 2025 წლის ოქტომბრის ბოლომდე მიმდინარეობდა. შემდეგ კი მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. თუმცა სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა ვერ მოხერხდა.

2026 წლის თებერვლის ბოლოს პაკისტანმა ავღანეთის რამდენიმე ქალაქი, მათ შორის ქაბული დაბომბა. ამის შემდეგ მხარეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება  განახლდა.