ავღანეთში თალიბებმა სისხლის სამართლის კოდექსი მიიღეს, რომელიც მონობას და სხვა აზრის მქონე პირთა მკვლელობას აკანონებს
ავღანეთის ხელისუფლებაში მყოფმა დაჯგუფება „თალიბანმა“ სისხლის სამართლის კოდექსი მიიღო, რომელიც, უფლებადამცველების თქმით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს უხეშად ეწინააღმდეგება. ამის შესახებ kaktus.media იუწყება.
დოკუმენტს ხელს აწერს მოძრაობის ლიდერი მოლა ჰაბითულა და ის ქვეყნის ყველა პროვინციას გადაეგზავნა.
სისხლის სამართლის კოდექსი 9 თავისა და 119 მუხლისგან შედგება. ის საერთაშორისო სტანდარტებს და სამართლიანი სამართალწარმოების პრინციპებს უხეშად არღვევს. კოდექსში არაფერი წერია ადვოკატის უფლებაზე, ასევე დუმილის და ზარალის კომპენსაციის უფლებაზე, ასევე სასჯელის მინიმალური და მაქსიმალური ვადები არ არის განსაზღვრული. ბრალის დამტკიცების ძირითადი საშუალებაა მოწმის ჩვენებები, რაც წამების გამოყენების საფრთხეს ზრდის.
ასევე კოდექსი რელიგიური უმცირესობების დისკრიმინაციის მუხლებს შეიცავს. მუსულმანებად მხოლოდ ჰანაფიტური მაზჰაბის წარმომადგენლები ითვლებიან. სხვა მიმდინარეობების და რელიგიების წარმომადგენლებზე სამართლებრივი დაცვა არ ვრცელდება. სისხლის სამართლის კოდექსის ერთ-ერთი მუხლი ითვალისწინებს იმ პირთა სამართლებრივ დევნას და მკვლელობასაც კი, რომლებიც „ცრუ მრწამსის“ დაცვაში ან რელიგიური ადათ-წესების კრიტიკაში არიან ბრალდებულები.
ავღანეთის სისხლის სამართლის კოდექსი საზოგადოების ფენებად დაყოფას გულისხმობს. ერთსა და იმავე დანაშაულზე სასჯელი მსჯავრდებულის სოციალურ სტატუსზეა დამოკიდებული. ეს შეიძლება იყოს რელიგიურ პირთა „რეკომენდაციები“ მაღალი ფენის წარმომადგენლებისთვის და პატიმრობა ან ფიზიკური სასჯელის ფორმა დაბალი კლასის წარმომადგენლებისთვის. ზოგიერთ მუხლში გამოიყენება ტერმინი „მონა“, რაც მსოფლიო სამართალში მონობის აბსოლუტური აკრძალვის დარღვევას წარმოადგენს.
კოდექსში არის მუხლი განსხვავებული აზრისა და თალიბების კრიტიკისთვის, სასჯელი გათვალისწინებულია მოძრაობის ლიდერების გადაწყვეტილების კრიტიკისთვის, „თალიბანის“ ლიდერთა შეურაცხყოფისთვის და რეჟიმის მოწინააღმდეგეებზე ინფორმაციის შეუტყობინებლობაზე. კოდექსის ზოგიერთი ნორმა, ფაქტობრივად, ლინჩის წესით გასამართლებას აქეზებს და კერძო პირებს „ცოდვილების“ დასჯის უფლებას აძლევს.
კიდევ ერთი ნორმა ქალთა და ბავშვთა უფლებების დებულებებს ეხება, დოკუმენტი, ფაქტობრივად, ფიზიკური სასჯელის ფართო სპექტრის გამოყენების უფლებას იძლევა, მინიმალურად არის გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ბავშვებისა და ცოლების ცემაზე, ასევე მასში გათვალისწინებულია ქალთა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა სახლიდან დაუკითხავად, ქმრის თანხმობის გარეშე წასვლაზე.