Loading data...
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ირანს ავალდებულებს, წარმოადგინოს ინფორმაცია გამდიდრებული ურანის დარჩენილი მარაგების შესახებ

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 35-წევრიანმა მმართველთა საბჭომ მიიღო აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი რეზოლუცია, რომელიც ირანს ავალდებულებს, წარმოადგინოს ინფორმაცია გამდიდრებული ურანის დარჩენილი მარაგების შესახებ და ინსპექტორებს მათი გადამოწმების საშუალება მისცეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.  

კერძოდ, რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ირანმა „სააგენტოს უნდა მიაწოდოს სრული ინფორმაცია ბირთვული მასალების მარაგების შესახებ“ და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს „დაუყოვნებლივ“ მისცეს მისი გადამოწმებისთვის საჭირო წვდომა.

დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე მყოფი დიპლომატების თქმით, შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის მიერ წარდგენილ რეზოლუციას მხარი 21-მა ქვეყანამ დაუჭირა, სამი წინააღმდეგი იყო, ხოლო ათმა თავი შეიკავა.

მათი თქმით, რეზოლუციის მოწინააღმდეგეები იყვნენ რუსეთი, ჩინეთი და ნიგერი, ვენესუელას კი კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება არ მიეცა.