ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი: ამ დროისთვის არავის შეუძლია შეაფასოს ფორდოუს მიწისქვეშა დაზიანება

გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ გაეროს უშიშროების საბჭოს ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის საჰაერო იერიშის შემდეგ განახლებული ინფორმაცია მიაწოდა.
გროსის განცხადებით, ფორდოუს ობიექტზე - ირანის ურანის 60%-მდე გამდიდრების მთავარ ადგილას კრატერები ჩანს, რაც მიუთითებს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მიწაში შეღწევადი საბრძოლო მასალის გამოყენებაზე.
„ეს თანხვედრაშია შეერთებული შტატების განცხადებებთან“, - თქვა გროსიმ და დასძინა, რომ ამ დროისთვის არავის, მათ შორის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შეუძლია შეაფასოს ფორდოუს მიწისქვეშა დაზიანება.
რაც შეეხება ისპაჰანს, გროსის განცხადებით, ღამის განმავლობაში დაზიანდა დამატებითი შენობები, აშშ-მ დაადასტურა ფრთოსანი რაკეტების გამოყენება.
დაზიანებულ შენობებს შორისაა ურანის გადამუშავების პროცესთან დაკავშირებული ზოგიერთი შენობა. როგორც ჩანს, დაზიანდა გამდიდრებული მასალის შესანახად გამოყენებული გვირაბების შესასვლელები“, - განაცხადა გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა.
ამასთან, მისივე განცხადებით, ნათანზზე საწვავის ქარხანა კვლავ დაზიანდა.
„აშშ-მა დაადასტურა, რომ მან მიწაში შეღწევადი საბრძოლო მასალა გამოიყენა“, - განაცხადა IAEA-ს ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ ირანმა აცნობა, რომ სამ ობიექტზე რადიაციის დონის ზრდა არ დაფიქსირებულა.