ათენი გიგანტური სასტუმრო არ არის - ათენის მერი პირობას დებს, რომ ქალაქს გადაჭარბებული ტურიზმისგან იხსნის
„ათენი ვერ იფუნქციონირებს, როგორც გიგანტური სასტუმრო“, - აცხადებს ქალაქის სოციალისტი მერი ჰარის დუკასი და პირობას დებს, რომ ათენს ტურისტების გადამეტებული რაოდენობისგან გადაარჩენს. ინფორმაციაზე The Guardian წერს.
„ქალაქს 700 000 მოსახლე და ყოველწლიურად, 8 მილიონი ტურისტი ჰყავს. ადგილობრივები იძულებულები ხდებიან, საკუთარი საცხოვრებლები დატოვონ. ვიზიტორთა ჯგუფები ყველგან არიან: ძველი ათენის გულში, ვიწრო ქუჩებსა თუ არქეოლოგიურ ძეგლებთან. მდგომარეობა გაუსაძლისია“, - აღნიშნავს დუკასი.
როგორც ჩანს, მერი განსაკუთრებულად განიცდის ქალაქის ავთენტიკურობის დაკარგვას, უკონტროლო ტურიზმის გამო, რაც მისი აზრით, მთელ ქვეყანას უქმნის საფრთხეს.
„ათენი ვერ იარსებებს ისე, თითქოს გიგანტური სასტუმრო იყოს. საჭიროა შეზღუდვების დაწესება. ქალაქებს უნდა ჰქონდეთ ხმა, მათი განვითარების და მომავლის შესახებ“, - ამბობს სოციალისტი მერი.
ცნობისთვის, 2025 წელს ათენს 8 მილიონზე მეტი ადამიანი ეწვია, რაც რეკორდული მაჩვენებელი იყო საბერძნეთის დედაქალაქისთვის. 2018 წლიდან დღემდე, ქალაქში საცხოვრებლის მოკლე ვადით დამქირავებელთა რაოდენობა გაორმაგდა.
„ქალაქი საკუთარი წარმატების მსხვერპლი ხდება. მთელი ათენი იჭრება, რათა სიტუაციას გავუმკლავდეთ: ჩვენ ვაშენებთ ელექტროსადგურებს, წყლის და სადრენაჟე სისტემებს, გაგვყავს 5G ქსელები. როდესაც 700,000 მცხოვრები და 8 მილიონი ვიზიტორი გყავს, ზეწოლა უზარმაზარია. გამოწვევებთან გასამკლავებლად, ყოველთვიურად, მეტი პერსონალი, მეტი აღჭურვილობა, მეტი მანქანა გვჭირდება. უნდა შეწყდეს ტურისტული ადგილების უკონტროლო განვითარება“, - მტკიცედ აცხადებს ქალაქის მერი, რომელმაც თანამდებობა 2024 წელს დაიკავა და დღემდე ცდილობს, უძრავი ქონების ინვესტორებისა და მეწარმეების შეტევები მოიგერიოს.
ინფორმაციისთვის, გამარჯვების შემდეგ, ჰარის დუკასი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ კონტინენტის ყველაზე ცხელ დედაქალაქს გაამწვანებდა. მისი მმართველობის დროს, ათენში 3,855 ხე დაირგო.