ასტანაში პუტინის ვიზიტის დროს ქალაქის ეკრანზე რუსეთის ნაცვლად, უკრაინის დროშა ჩაირთო
ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ვიზიტის დროს ქუჩაში დამონტაჟებულ ეკრანზე რუსეთის დროშის ნაცვლად უკრაინის დროშა გამოჩნდა. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.
ყაზახეთის შს სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ეს ფაქტი თეატრის, „ასტანა ოპერის“ მახლობლად დაფიქსირდა. უკრაინის დროშის გამოსახულება მალევე გამორთეს.
ყაზახეთის შს სამინისტროს ცნობით, სარეკლამო კონსტრუქცია კომპანია „კერუენ მედიას“ ეკუთვნის.
„ამჟამად სხვადასხვა ვერსია განიხილება, მათ შორის არის ტექნიკური გაუმართაობა და ასევე კომპანიის დანადგარების ფუნქციონირებაში გარე ჩარევის ვერსია“, - განაცხადეს შსს-ში. პოლიციაში განაცხადეს, რომ დამნაშავეები დაისჯებიან.
ყაზახეთის სახელმწიფო ტექნიკური სამსახურის ცნობით, ასტანაში LED-ეკრანი ჰაკერებმა გატეხეს.
„27 ნოემბერს ჰაკერული შეტევის დროს მცირე დროით დროშის გამოცვლის ფაქტი დაფიქსირდა. შეტევა უცხოური IP-მისამართებიდან განხორციელდა და ამისთვის პროქსი-სერვერები იყო გამოყენებული“, -განაცხადეს უწყებაში.