Loading data...
Associated Press: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი პოტენციური დეპორტაციის მიზნით 55 მილიონზე მეტი უცხოელის მოქმედ ვიზას ამოწმებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 55 მილიონზე მეტი უცხოელის მოქმედ ვიზას ამოწმებს, რათა დაადგინოს, ხომ არ დაარღვიეს მათ საიმიგრაციო წესები. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, თუკი დარღვევები გამოვლინდება, ამ პირებს ვიზები გაუუქმდებათ, ხოლო მათი მფლობელები დეპორტირებულნი იქნებიან.

„ესოშიეითიდ პრესის“ გაგზავნილ კითხვაზე წერილობით პასუხში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ ვიზის ყველა მფლობელი გადის „მუდმივ შემოწმებას“ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად. ამ პროცესის ფარგლებში ხდება სამართალდამცავი ორგანოების მონაცემების, საიმიგრაციო ჩანაწერების და ნებისმიერი სხვა ინფორმაციის ანალიზი, რომელიც ვიზის გაცემის შემდეგ გახდა ცნობილი.

ვიზის გაუქმების საფუძველი შეიძლება გახდეს დოკუმენტის ვადაგასულობა, დანაშაულებრივი საქმიანობა, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნა, ასევე ტერორისტულ ორგანიზაციებში მონაწილეობა ან მათი მხარდაჭერა.

მიმდინარე კვირის დასაწყისში, აშშ-ის სახელმწიდო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, გაუქმდა 6000-ზე მეტი სტუდენტური ვიზა ვადის გადაცილებისა და ადგილობრივი, შტატის და ფედერალური კანონების დარღვევების გამო. ამასთან, 6000 ვიზიდან დაახლოებით 4000 გაუქმდა კანონების დარღვევების გამო, ხოლო დაახლოებით 200-300 ვიზა გაუქმდა ტერორიზმთან დაკავშირებული საკითხების გამო.