Loading data...
Associated Press: აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურმა ივნისის ბოლოს 5 დღეში 10 000 ადამიანი დააკავა

აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურმა (ICE) ივნისის ბოლოს, 5 დღის განმავლობაში 10 000 ადამიანი დააკავა. წერს Associated Press.

როგორც მედია წერს, მონაცემები საჯაროდ ჯერ არ გამოქვეყნებულა და გამოცემამ ისინი ანონიმური წყაროსგან მოიპოვა.

ამასთან, როგორც გამოცემა წერს, მოპოვებული მასალებით ირკვევა, რომ აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურმა მიდგომა შეცვალა. ამერიკულ ქალაქებში მასშტაბური და ხმაურიანი ოპერაციების ნაცვლად, ახლა უფრო ნაკლებად თვალსაჩინო მეთოდებს იყენებს.

გამოცემა ხაზს უსვამს, რომ უწყება დაკავებების სტატისტიკას საჯაროდ არ აქვეყნებს, რის გამოც წინა პერიოდებთან ზუსტი შედარება რთულია. თუმცა, ბერკლის უნივერსიტეტის „დეპორტაციის მონაცემთა პროექტის“ მასალებზე დაყრდნობით, რომლებსაც საინფორმაციო სააგენტო გაეცნო, დღეში 2 000 დაკავება წინა თვეებთან შედარებით მკვეთრი, რეკორდული ზრდის ნიშანია.

დაპატიმრებების რაოდენობის მკვეთრი ზრდის შესახებ პირველად The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია.

აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტში განაცხადეს, რომ სამართალდამცავი უწყებები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებას ასრულებენ.

„პირველივე დღიდან სამართალდამცავი ორგანოები ასრულებენ პრეზიდენტ ტრამპის დაპირებას, დააკავონ და ქვეყნიდან გააძევონ კრიმინალი არალეგალი მიგრანტები, მათ შორის მკვლელები, მოძალადეები, პედოფილები, დაჯგუფებების წევრები და ტერორისტები. ჩვენი გზავნილი ნათელია: თუ ქვეყანაში უკანონოდ შემოხვალთ, ჩვენ გიპოვით, დაგაკავებთ და ქვეყნიდან გაგაძევებთ“, - ნათქვამია განცხადებაში.