აშშ უკრაინისგან მთელი დონბასის დათმობას ითხოვს - ზელენსკი
აშშ უკრაინისგან მთელი დონბასიდან შეიარაღებული ძალების გაყვანას ითხოვს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ეს ძალზე ჰგავს რუსეთის პოზიციას ტერიტორიულ საკითხებთან დაკავშირებით. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
„ამერიკელებიც და რუსებიც ასე გვეუბნებიან - თუ გინდათ, რომ ომი ხვალ დასრულდეს, დონბასიდან უნდა წახვიდეთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში ევროპული ძალები დაპირისპირების ხაზის მახლობლად უნდა განთავსდნენ. ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინელებს, რა თქმა უნდა, სურთ, რომ პარტნიორები მათ გვერდით იდგნენ ფრონტის ხაზზე, მაგრამ „არავის სურს წინა ხაზზე დგომა“.
ტერიტორიული საკითხები ამჟამად ძირითადი პრობლემაა ცეცხლის შეწყვეტაზე მიმდინარე მოლაპარაკებაზე. რუსეთს სურს მთელი დონბასის დაკავება. უკრაინა ამას კატეგორიულად არ ეთანხმება და კონფლიქტის გაყინვას ფრონტის არსებული ხაზის გასწვრივ მოითხოვს. ამ დროისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალები დონეცკის ოლქის დაახლოებით 20%-ს აკონტროლებენ.