აშშ ტრამპის, პუტინისა და ზელენსკის სამმხრივი შეხვედრისთვის ადგილს ეძებს - CBS News

აშშ ეძებს ადგილს პრეზიდენტების - დონალდ ტრამპის, ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის - სამმხრივი შეხვედრისთვის, რომელიც მომავალი კვირის ბოლოს გაიმართება. ამის შესახებ CBS News-ი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
თეთრი სახლის ბრიფინგების დარბაზში ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა ოპტიმიზმი გამოთქვა, რომ პუტინთან მისი შეხვედრა „კონსტრუქციული“ იქნება და აღნიშნა, რომ პუტინსა და ზელენსკის შორის პირისპირ შეხვედრის ორგანიზებას გეგმავს.
„შემდეგი შეხვედრა ზელენსკის და პუტინს, ან ზელენსკის, პუტინსა და ჩემს შორის იქნება“, - განაცხადა მან.
მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულმა ორმა წყარომ CBS News-ს განუცხადა, რომ შეერთებული შტატები მუშაობს ადგილის შესარჩევად ტრამპის, პუტინისა და ზელენსკის შეხვედრისთვის, რომელიც მომდევნო კვირის ბოლოს გაიმართება.
Axios-ის ცნობით, ტრამპმა ზელენსკის და ევროპელ ლიდერებს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ პარასკევს [15 აგვისტოს] პუტინთან დაგეგმილ სამიტზე მისი მიზანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მისვლა და სრული სამშვიდობო შეთანხმების შესაძლებლობის შეფასებაა.
გამოცემის წყაროების ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის მიზანი მხარეთა ინტერესებს ემთხვევა, თუმცა პუტინმა ადრე არაერთხელ უარყო ცეცხლის სრულად შეწყვეტის იდეა.