Loading data...
აშშ-ში უკრაინელ ჰაკერს 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში სასამართლომ ჰაკერული დაჯგუფების, Revil-ის წარმომადგენელს, უკრაინის 24 წლის მოქალაქეს, 13 წლით და 7 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ასევე მას ჯარიმის სახით 16 ათასი აშშ დოლარის გადახდა მოუწევს. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული პირი შეერთებული შტატების სხვადასხვა დაწესებულების წინააღმდეგ 2,5 ათას კიბერშეტევაში მონაწილეობდა. ის 2021 წელს პოლონეთში დააკავეს და 2022 წელს აშშ-ში იყო ექსტრადირებული. დაკავებული დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში, ფულის გათეთრებაში და კომპიუტერებში უნებართვო შეღწევაში.

Revil-ის მიერ ჩადენილ ყველაზე მასშტაბურ შეტევებს შორის ცნობილია ამერიკულ კომპანია Kaseya-ზე 2021 წელს განხორციელებული შეტევა, რამაც 17 ქვეყანაში კომპიუტერების მუშაობაში შეფერხება გამოიწვია. ასევე მათ სუპერმარკეტების შვედურ ქსელ Coop-ზე კიბერთავდასხმა განახორციელა, რის გამოც კომპანიამ სუპერმარკეტების ფილიალების უმეტესობა დროებით დახურა.