აშშ-ში საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომელმა გასროლით ვენესუელის მოქალაქე დაჭრა
აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში საიმიგრაციო და საბაჟო პოლიტიკის სამსახურის, (ICE) თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრა ვენესუელის მოქალაქე. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამინისტროს ცნობით, ფედერალურმა აგენტმა „თავდაცვითი გასროლა განახორციელა“, რადგანაც არალეგალმა მიგრანტმა მას დაკავების დროს წინააღმდეგობა გაუწია.
მინესოტას შტატის ხელისუფლებამ, რომელსაც „დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენლები მართავენ, მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა. მათ ასევე მოუწოდეს ICE-ის თანამშრომლებს, რომ ქალაქი და შტატი დაუყოვნებლივ დატოვონ.
ბოლო ინციდენტს წინ უძღოდა მინეაპოლისში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა, როდესაც ICE-ის თანამშრომელმა მრავალშვილიანი დედა რენე ნიკოლ გუდი მოკლა, რომელსაც სამჯერ ესროლა. ამ ფაქტმა მრავალათასიანი პროტესტი გამოიწვია, მინეაპოლისის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა.
მინესოტას შტატმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. შტატის ხელისუფლების აზრით, ICE-ის თანამშრომელთა ხისტი ქმედებების გამო რეგიონი ნაკლებად უსაფრთხო გახდა. ფედერალური მთავრობის წინააღმდეგ ანალოგიური სარჩელი ილინოისის შტატმაც შეიტანა, სადაც ასევე საიმიგრაციო პოლიციის ოპერაციები გააქტიურდა.