აშშ-ში, ფოლადის ქარხანაში აფეთქება მოხდა - დაიღუპა, სულ მცირე, ერთი ადამიანი, არიან უგზო-უკვლოდ დაკარგულებიც

აშშ-ში, პენსილვანიის შტატში, ქალაქ პიტსბურგთან მდებარე ფოლადის ქარხანაში აფეთქება მოხდა.
მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაკარგულად მიიჩნევა, ათობით კი დაშავდა. სავარაუდოდ, დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზრდება.
როგორც მედია წერს, ადგილზე იმყოფებიან სამაშველო ჯგუფები, პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. სავარაუდოდ ნანგრევების ქვეშ ამ დრომდე არიან ადამიანები.
„ეს საშინელი დღეა კლეირტონისთვის. ჩვენ ვლოცულობთ ყველასთვის. ვლოცულობთ, რომ ეს არ იყოს ისეთი საშინელი, როგორც ჩანს“, - განაცხადა კლეირტონის მერმა, რიჩ ლატანცმა, რომელიც ინციდენტის ადგილზე იმყოფება.
„ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ჩვენი თანამშრომლებისა და გარემოს უსაფრთხოება და კეთილდღეობა. ჩვენ ვთანამშრომლობთ შესაბამის ორგანოებთან ინციდენტის მიზეზის გამოსაძიებლად და დამატებით განახლებულ ინფორმაციას მოგაწვდით, როგორც კი ის ხელმისაწვდომი გახდება. ქარხანაში ყოველდღიურად თითქმის 1 300 კაცი და ქალი მუშაობს, რომლებიც თავიანთ სამუშაოს მაქსიმალური უსაფრთხოების დაცვით ასრულებენ. US Steel-ის თანამშრომლები მხარდაჭერას უცხადებენ ყველა დაზარალებულს“, - ნათქვამია U.S. Steel-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.