Loading data...
აშშ-ში Google ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევაში დაადანაშაულეს

აშშ-ში ტრანსნაციონალური კორპორაცია Google LLC ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევაში დაადანაშაულეს, რადგანაც ის სამძებრო სისტემების ბაზარზე მონოპოლისტია. ეს დასკვნა აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლომ გამოიტანა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

Google LLC-ის წინააღმდეგ სარჩელი 2020 წელს აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ შეიტანა და ის ბაზრის 90%-ის კონტროლში დაადანაშაულა.

„Google არის მონოპოლისტი, და ის ყველაფერს აკეთებს, რათა ეს მონოპოლია შეინარჩუნოს. ამით კომპანია შერმანის აქტის მე-2 პუნქტს არღვევს“, - წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

მოსამართლემ ამიდ მეხთამ განაცხადა, რომ Google-ის სადისტრიბუციო შეთანხმებები ექსკლუზიური ხასიათისაა და მას კონკურენტებისთვის ნეგატიური შედეგი აქვს. ასევე კორპორაციამ ზოგად სამძებრო სისტემაში ტექსტურ შეტყობინებებზე ხელოვნურად გაზრდილი ფასი დააწესა და იქიდან მრავალმილიონიან მოგებას იღებს. ასევე Google-ის სამძებრო სისტემა გარკვეულ მოწყობილობებზე ავტომატურად არის დაყენებული, რაც მას სხვა სამძებრო სისტემებთან შედარებით უპირატესობას ანიჭებს. ამისთვის Google LLC ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს ხარჯავს, 2022 წელს ამ თანხამ 26 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

საბოლოო ვერდიქტზე საუბარი ნაადრევია, რადგანაც Google LLC სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. აპელაციის პროცესს შეიძლება წლები დასჭირდეს.

სასამართლომ შეიძლება მოითხოვოს კომპანიისგან, რომ მან გარკვეულ მონოპოლიურ პოზიციებზე უარი თქვას ან  iPhone-ზე და სხვა ელექტრონულ მოწყობილობებზე მისი სისტემის ავტომატურ დაყენებისთვის ფულის გადახდა აუკრძალოს. 

მიმდინარე წლის მარტში ევროკავშირში გამოძიება დაიწყო Apple-ის, Google-ის და Meta-ს წინააღმდეგ. ეს კომპანიები ციფრული ბაზრის შესახებ კანონის დარღვევაში დაადანაშაულეს, რომელიც მსხვილ ტექნოლოგიურ კონცერნებს კონკურენტებისთვის პლატფორმების გახსნას ავალდებულებს.