აშშ-ში დაფუძნებული უფლებადამცველი ორგანიზაციის ცნობით, ირანში ბოლო ორი კვირის განმავლობაში სულ მცირე 162 მომიტინგე მოკლეს
აშშ-ში დაფუძნებული უფლებადამცველი ორგანიზაციის ცნობით, ირანში ბოლო 15 დღის განმავლობაში ანტისამთავრობო დემონსტრაციების დროს სულ მცირე 162 მომიტინგე დაიღუპა.
11 იანვრის მონაცემებით, საერთო ჯამში, საპროტესტო აქციებში სულ მცირე 203 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 41 დაცვის თანამშრომელი, ნათქვამია ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს (HRANA-ს) დირექტორის მოადგილის, სკაილარ ტომპსონის მიერ CNN-ისთვის მიწოდებულ დეტალურ მონაცემებში.
HRANA-ს ცნობით, მოკლულ მომიტინგეებს შორის სულ მცირე რვა 18 წლამდე ასაკის არის. ჯგუფმა ასევე განაცხადა, რომ დაკავებულია სულ მცირე 3285 ადამიანი.
როგორც CNN-ი წერს, გაურკვეველია, სრულად ასახავს თუ არა HRANA-ს მონაცემები მსხვერპლის მასშტაბს, იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით გათიშა ინტერნეტზე წვდომა და სატელეფონო ხაზები.