Loading data...
აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

აშშ-ის ინდიანის შტატში 15 წლის მოზარდს 100 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მას შემდეგ, რაც 2025 წელს მომხდარ სროლაში მონაწილეობისთვის დამნაშავედ ცნეს. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს. 

პროკურატურის განცხადებით, 2025 წლის თავდასხმას ერთი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, კიდევ ერთი დაიჭრა, ხოლო მესამე ქალი მანქანამ გაიტანა, როდესაც ის სროლის ადგილიდან გარბოდა.

ინდიანის ქალაქ ანდერსონის მცხოვრებ ჯო’მაჯზე ლარის განაჩენი მედისონის ოლქის სასამართლოს მოსამართლემ დევიდ ჰაპემ გამოუტანა.

განაჩენის თანახმად, ლარი იყო Mickey Cobra Nation (MCN) ბანდის ოთხი წევრიდან ერთ-ერთი, რომელსაც 26 წლის დეილა სუეინის მკვლელობაში ედებოდა ბრალი. პროკურორების განცხადებით, სუეინი 2025 წლის თებერვალში ანდერსონში, ინდიანაპოლისის გარეუბანში ღამის კლუბთან ახლოს მოკლეს.

გამოძიების თანახმად, სუეინი შემთხვევით აღმოჩნდა თავდასხმის მსხვერპლი. ის დაიღუპა მაშინ, როდესაც თავდამსხმელები სხვა მკვლელობის საქმეზე მოწმე პირის ლიკვიდაციას ცდილობდნენ, თუმცა ოპერაცია ჩაეშალათ.

მედისონის ოლქის პროკურატურის ინფორმაციით, ლარი და მისი თანამზრახველი, 19 წლის რაშონ სამუელსი, რომლებიც ერთობლივად გაასამართლეს, ნაფიცმა მსაჯულებმა 30 ივნისს დამნაშავედ ცნეს.

პროკურორების განცხადებით, სხდომაზე მოსამართლე დევიდ ჰაპემ სამუელსს 125 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ სამუელსმა და ლარიმ აღიარეს, რომ კრიმინალური ორგანიზაციის წევრები იყვნენ. 

მოსამართლემ ლარის სუეინის მკვლელობისთვის 50 წლით პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო კიდევ 50 წელი დაუმატა დანაშაულებრივ ორგანიზაციასთან კავშირის გამო. სამუელსს სუეინის მკვლელობისთვის 62 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრობის ბრალდებისთვის - დამატებით 62 წელი და 6 თვე.