Loading data...
აშშ-ს ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ირანის სამხედრო სარდლობის ცენტრები, საზღვაო შესაძლებლობები, რაკეტებისა და დრონების გამშვები პუნქტები და საჰაერო თავდაცვის სისტემები დაბომბეს

აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს ირანის წინააღმდეგ დარტყმების ახალი ტალღა განახორციელეს.

მათი თქმით , აშშ-ს მიზანია ირანის სამხედრო შესაძლებლობების დაქვეითება.

„აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ 20 ივლისს, აღმოსავლეთის დროით საღამოს 21:00 საათზე, ირანის წინააღმდეგ დარტყმების მორიგი რაუნდი დაასრულა. აშშ-ის ძალებმა ირანის სამხედრო სარდლობის ცენტრები, საზღვაო შესაძლებლობები, რაკეტებისა და დრონების გამშვები პუნქტები და საჰაერო თავდაცვის სისტემები დაბომბეს, რათა შეემცირებინათ ირანის შესაძლებლობა, ჰორმუზის სრუტეში გამავალ კომერციულ გემებზე თავდასხმა გააგრძელოს. კომერციული გემების ტრანზიტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საერთაშორისო საზღვაო დერეფანში გრძელდება. მაისის დასაწყისიდან CENTCOM-ის ძალებმა დაახლოებით 900 კომერციული გემისა და 450 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის ტრანზიტის ხელშეწყობა შეძლეს. ამერიკული ძალები კვლავ მზად არიან, სრუტეში თავისუფლად და ღიად გადაადგილების მსურველი სამოქალაქო მეზღვაურების მიმართ ირანის უსაფუძვლო აგრესიას პასუხი გასცენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ცნობით, მეათე ღამეა, რაც შეერთებულმა შტატებმა ირანზე სამხედრო იერიშები განაახლა.