აშშ-ს სურს, უკრაინის შესახებ გაეროს რეზოლუციიდან ტერიტორიული მთლიანობის შესახებ მითითებები ამოიღოს - Kyiv Post
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია, სავარაუდოდ, მხარს უჭერს გაეროს რეზოლუციიდან იმ ფორმულირების ამოღებას, რომელიც ადასტურებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს რუსეთის მიერ ყირიმისა და სხვა რეგიონების ოკუპაციას. ამის შესახებ Kyiv Post-ს გაეროს შიდა დისკუსიებში ჩახედულმა ორმა წყარომ განუცხადა.
როგორც აღინიშნა, უკრაინის მიერ გაეროს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტისთვის წარდგენილი ყოველწლიური რეზოლუცია, სახელწოდებით „ადამიანის უფლებების მდგომარეობა უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში“, მრავალი წლის განმავლობაში მნიშვნელოვან დიპლომატიურ ინსტრუმენტად რჩებოდა.
გასული წლის დეკემბერში შეერთებულმა შტატებმა 77 სხვა ქვეყანასთან ერთად მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც 78 ხმით დამტკიცდა.
გამოცემის წყაროების ცნობით, ახლა ვაშინგტონი, სავარაუდოდ, ცდილობს, ამოიღოს ფორმულირება რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების შესახებ.
ორი წყაროს ცნობით, აშშ-ს სურს, რომ რეზოლუცია უფრო ფართო ფორმატში იყოს წარმოდგენილი - სახელწოდებით „ომი უკრაინაში“ - „ტერიტორიული მთლიანობის“, ან „აგრესიის“ ხსენების გარეშე.
უკრაინის მოკავშირეებმა არაოფიციალურ საუბრებში გამოთქვეს შეშფოთება, რომ ეს ნაბიჯი, ფაქტობრივად, შეასუსტებს გაეროს მთავარ ყოველწლიურ დოკუმენტს, რომელიც რუსეთის შეჭრას თანმიმდევრულად გმობს.
„ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შორდება ვაშინგტონი უკრაინის ძირითად ინტერესებს დიპლომატიის გადამწყვეტ მომენტში. თუ ამ ფორმულირებებს ამოიღებენ, მოსკოვისთვის ცალსახა სიგნალი იქნება: აშშ აღარ არის საერთაშორისო წესრიგის დაცვის სათავეში“, - განაცხადა ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა.
როგორც ამბობენ, რამდენიმე ევროპული ქვეყნის დიპლომატები ცდილობენ, აშშ დაარწმუნონ, რომ კენჭისყრამდე თავისი პოზიცია შეცვალოს.
გაეროს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტი, რომელიც ადამიანის უფლებებსა და ჰუმანიტარულ საკითხებს ეხება, რეზოლუციის განხილვას მომდევნო კვირებში გეგმავს.
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი ოფიციალური პირები ირწმუნებიან, რომ ცვლილებები რეზოლუციას „უფრო ინკლუზიურს“ და „მომავალზე ორიენტირებულს“ გახდის, დასავლელი დიპლომატები არაოფიციალურად მიიჩნევენ, რომ ეს მრავალმხრივ ფორმატებში რუსეთის აგრესიაზე მითითებების შემცირების მცდელობის ნაწილია.
„ეს ტერმინოლოგიის საკითხი არ არის. საქმე ისაა, გააგრძელებს თუ არა მსოფლიო რუსული ოკუპაციის უკანონოდ აღიარებას, თუ დაიწყებს მის, როგორც მოცემულობის, მიღებას“, - განაცხადა მოლაპარაკებებში ჩართულმა ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა.